ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და მოგვიანებით წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში
„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით, განსაკუთრებით, ეს ეხება მცირე და საშუალო სექტორს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის თითქმის 60 პროცენტს წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენ შევქმენით მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც წარმატებით მოქმედებს ამ მიმართულებით. ისინი, ძირითადად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ბაზაზე ხორციელდება და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო სექტორს როგორც ტრადიციული, ასევე ალტერნატიული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტებით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე გამოსვლისას, რომელიც აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელებს შეეხებოდა.
სემინარზე ასევე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გენერალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ივანა დუარტე.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 900 მლნ ლარზე მეტი გამოიყო სააგეტოს „აწარმოე საქართველოში” სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა საკრედიტო საგარანტიო სქემა, სესხის პროცენტის თანაგადახდა, ექსპორტის მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარებები და სხვა.
„ამ პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერილი იქნა 12,000-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის პროექტი და შეიქმნა თითქმის 70,000 სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გამოშვება 2022 წელს 2015 წელთან შედარებით გაორმაგდა, ხოლო პროდუქტიულობა ამავე პერიოდში 23,3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების წილი მთლიანი ბიზნეს სესხების პორტფელში გაიზარდა 38%-დან 48%-მდე” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„მიმდინარე წელს, სამინისტროს ინიცირებით, სააგენტო რამდენიმე ახალი მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, დაიწყება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამა მცირე და საშუალო სექტორისთვის. ჩამოყალიბდება SME ზრდის ფონდი, რომელიც ინვესტირებას გააკეთებს აღნიშნულ სექტორში წილობრივი კაპიტალის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია საბრუნავი კაპიტალის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა, რასაც ერთობლიობაში წარმოადგენს ე.წ. Asset Based Financing პლატფორმა. ეკონომიკის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, მუშაობს, რათა უახლოეს პერიოდში დაინერგოს და ხელმისაწვდომი გახდეს მთელი რიგი ალტერნატიული ინსტრუმენტები, როგორიცა მაგალითად ფაქტორინგი. პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება ახალი კანონი ფაქტორინგის შესახებ. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ეკოსისტემა, რომელიც წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტების ერთობლიობას, გახდეს უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.