ნათია თურნავა: მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებამ და სავალუტო რეზერვების პრევენციულმა დაგროვებამ განვითარებად ბაზრებზე შეიძლება, ეფექტიანად შეამციროს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე “ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები” მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავამ ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ფასების სტაბილურობის ძირითად მიზნებზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრუქტურული გამოწვევების მოგვარების გზებზე.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას მონეტარული პოლიტიკის წარმატებულად განხორციელების შესაძლებლობებსა და სტრუქტურულ სისუსტეებზეც ისაუბრა.

თურნავას თქმით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკის ინსტრუმენტების მეტად ინტეგრირებულმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას.

“მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებამ და სავალუტო რეზერვების პრევენციულმა დაგროვებამ განვითარებად ბაზრებზე შეიძლება ეფექტიანად შეამციროს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთია საქართველოს გამოცდილება, სადაც 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0,4% იყო”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ ასევე მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანიტა ანგელოვსკა-ბეჟოსკა, პოლონეთის სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტის მოადგილე მარტა კაიტლი, ალბანეთის ბანკის პრეზიდენტი გენტ სეიკო და ლიეტუვის ცენტრალური ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გედემინას შიმკუსი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ორ დღიან ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები