გერმანიის ეკონომიკა შემცირდა

მაღალი ინფლაციის, მზარდი საპროცენტო განაკვეთების და მსოფლიო პირობების ფონზე, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ქვეყნის ფედერალური სტატისტიკის სამსახური იტყობინება.

2022 წელს გერმანიის მშპ 1,8%-ით გაიზარდა.

DW წერს, რომ გასულ წელს გერმანიის ეკონომიკა რამდენიმე ფაქტორმა შეანელა, კერძოდ, მაღალი ინფლაციის გამო, სამეურნეო მოხმარება შენელდა, ევროპის ცენტრალური ბანკი(ECB) კი, ფასების ზრდას ისტორიაში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ებრძოდა მას. შედეგად, იპოთეკის გაძვირების გამო, მაგალითად, გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა იძულებული გახდა უარი ეთქვა უძრავი ქონების შეძენაზე.

ამავდროულად, სუსტი გლობალური ეკონომიკური პირობები ურთულებდა ცხოვრებას ექსპორტიორებს. უარყოფითი გავლენა, ასევე, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ იქონია – დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით, კონფლიქტით ახლო აღმოსავლეთში და გერმანიის მთავრობაში ბიუჯეტთან დაკავშირებული კონფლიქტებით დამთავრებული.

ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს შორის – საავტომობილო და სამშენებლო ინდუსტრია გამოირჩევა.

რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ის ასევე ბუნდოვანი რჩება.

გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (DIW) საბაზრო პირობების ექსპერტი ლორა პაგენჰარდტი ამბობს, რომ „ბევრი კომპანია, სახელმწიფო მხარდაჭერასთან დაკავშირებით არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, ინვესტიციების განხორციელებას არ ჩქარობს”.

DIW პროგნოზირებს, რომ 2024 წელს ქვეყნის მშპ 0,6%-ით გაიზრდება, თუმცა სხვა ეკონომისტები ბევრად პესიმისტურად არიან განწყობილი. მაგალითად, Commerzbank-ის მთავარი ეკონომისტი იორგ კრამერი მშპ-ს 0,3%-ით კლებას ვარაუდობს.

DW აღნიშნავს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ძვირადღირებული ენერგიის სუბსიდიების მიუხედავად, გერმანიამ, გასულ წელს, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მოახერხა.

2023 წელს სახელმწიფო ხარჯებმა შემოსავლებს 82,7 მილიარდი ევროთი გადააჭარბა. ეს 14 მილიარდი ევროთი ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები