მიხეილ ყაველაშვილი ტრამპის გამარჯვებაზე: ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სათავეში ადამიანი იმ ღირებულებებით მოვიდა, რომელიც გვაქვს ჩვენ და ეს ძალიან კარგია

„ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სათავეში ადამიანი იმ ღირებულებებით მოვიდა, რაც გვაქვს ჩვენ და ეს ძალიან კარგია”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ტრამპის გამარჯვება უკავშირდება იმასაც, რომ შტატებმა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში საზოგადოებამ დაინახა თავსმოხვეული ლიბერალიზმის კრახი.

„ტრამპის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის გამარჯვება არ იყო. სლოგანები და მიმართულებები, რაზეც იყო აქცენტი მის საარჩევნო კამპანიაში

მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ომების დასრულებაზე და იდენტობაზე იყო აგებული. ამ ყველაფერზე დაყრდნობა იწვევს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, რის გამოც აშშ ყოველთვის მისაბაძი იყო. ეს სლოგანები ჩვენ საარჩევნოდ გამოვიყენეთ.

როცა ომი უკრაინაში დაიწყო, გავიხსენოთ ჩვენი პრემიერის პირველი განცხადება – აუცილებელია ეს ომი მალე დამთავრდეს, ჩვენ მშვიდობის გზას ვირჩევთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაკლებად შეეხოს ჩვენს ქვეყანას. რა კატაკლიზმები მოჰყვება ომს, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ახლა ჩვენ იმ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ, რაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. რა არის შედეგი – პოლარიზაცია და ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოში არ იყო. ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. გარდა ომისა, გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ა.შ. ამ საკითხებზე თუ არ ვცდები ბრიტანეთის პრემიერიც საუბრობდა, როცა გამოვიდა და დააფიქსირა – კაცი კაცია და ქალი – ქალი.

ტრამპის გამარჯვებას იმასაც ვუკავშირებ, რომ დავინახეთ თავსმოხვეული ლიბერალიზმის იდეოლოგია თუ როგორ იქცა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ აქტად. ეს ყველამ გაითავისა, რადგან ეს ბუნების და ღმერთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. რას ნიშნავს, ღმერთის ქმნილებაში ერევი და წყვეტ ვინაა ქალი და ვინ კაცი? ეს ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული (ლიბერალურ იდეოლოგიაზე მაქვს საუბარი, როცა მოზარდმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი სქესი და თან, ეს ადამიანებმა ჩვეულებრივად უნდა მიიღონ). ლგბტ პროპაგანდას რამხელა ზეგავლენა ჰქონდა ბოლო წლებში ყველგან იგრძნობოდა.

ამას შეეწინააღმდეგა ამერიკა და მთავარია, რომ ამ პროცესში ჩვენ კი არ მიგვიბაძია ამერიკისთვის, არამედ გავატარეთ რეალური პოლიტიკა, როცა დავიცავით ღირებულებები. რა თქმა უნდა, გასახარია, რომ ტრამპმა გაიმარჯვა და აქ ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია – ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სათავეში ადამიანი იმ ღირებულებებით მოვიდა, რომელიც გვაქვს ჩვენ და ეს ძალიან კარგია”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები