ლადო პაპავა: როდესაც სახეზეა მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაცია, მუქარა, არაკონსტრუქციული გარემო, ეს, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება

აკადემიკოსი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია და არაკონსტრუქციული გარემო, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება.

“ნებისმიერი ვალუტა ყოველთვის რეაგირებს პოლიტიკურ განცხადებებზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაცია, როდესაც არის დაპირისპირება, როდესაც არის მუქარა, არაკონსტრუქციული გარემო.
ეს, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება. ასეთი დაძაბული პოლიტიკური გარემო ქმნის საფრთხეს, რამე არ გართულდეს ეკონომიკაში და ყალიბდება ცრუ მოლოდინები, უარყოფითი განწყობა და ეს გაცვლით კურსზეც აისახება. ადამიანებიც და ბიზნესიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა მოიმარაგონ იმ შემთხვევისთვის, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დაიწყებს, რათა ნაკლებად იზარალონ. ამით კი, ანუ რაც უფრო მეტ ვალუტას მოიმარაგებენ, მით მეტად ზრდიან მასზე მოთხოვნას და შედეგად კიდევ უფრო აუფასურებენ ეროვნულ ვალუტას. პრაქტიკულად, მათ მიერ შესაძლო რისკების დაზღვევა ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მეტად აუფასურებს”,- განაცხადა პაპავამ “ბიზნესპრესნიუსთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, პოლიტიკურ რყევებს შეუძლია ეკონომიკაშიც რყევები გამოიწვიოს.

“სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყანას არასოდეს ჰქონია დადებითი სავაჭრო ბალანსი. საქართველო ყოველთვის იყო იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, იყო პერიოდები, როდესაც იმპორტი 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს და დღეს სადღაც 2,6-2,7-ჯერ აღემატება. ტენდენცია უკეთესობისკენ გამოიკვეთა, მაგრამ მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის, რადგან ის უშუალოდ აისახება ფასებზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია სახეზეა, ხოლო ეროვნულ ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ რაიმე კრიზისული პერიოდის მასტიმულირებელი გახდეს. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ რყევებს შეუძლია ეკონომიკაშიც რყევები გამოიწვიოს. ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება და რა თქმა უნდა, ამ პრობლემის წინაშე საქართველოც დგას”,- აღნიშნა პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები