წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებული მღელვარებაა და ეს ყოველთვის აისახება ეკონომიკაზე,- ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ, “ბიზნესპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მონაცემებია დაფიქსირებული.
მისივე თქმით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა “ჰაერში გამოკიდებული”, პოლიტიკისგან ცალკე ვერ იქნება.
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული მღელვარებაა და ეს ყოველთვის აისახება ეკონომიკაზე. ბიზნესს სჭირდება მშვიდი გარემო და თუკი ქვეყანაში იქნება მშვიდი გარემო, მაშინ ბიზნესი ვითარდება; და თუ ბიზნესი ვითარდება, ეს მთელი ქვეყნისთვის არის კარგი. ამ აქსიომაში ვრწმუნდებით ყველა არჩევნების დროს და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდიც, ასე თუ ისე, დაძაბული იყო, არჩევნების დღეც არ იყო მარტივი, თუმცა ამ დღეს ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში იყო აბსოლუტური სიმშვიდე. ამას უცხოელი დამკვირვებლებიც აღიარებდნენ. მე შემიძლია ვთქვა, ჩემს უბანზე რა ხდებოდა – ჩემს უბანზე, სადაც მე ხმა მივეცი, სიმშვიდე იყო. ჩემი შეფასება ბევრი არაფრის მთქმელია. მთავარია, უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჩადიოდნენ, ამბობდნენ, რომ ძირითადად, სიმშვიდე იყო. იყო დარღვევები, ეს გახდა ცნობილი და უკვე დაკავებულიც არის ორი პირი, ვინც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებაც შესაბამისია.
არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის მძევალი ხდება. ამასთან, შევხედოთ ფაქტებს – ერთია რას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური და მეორე – თუ როგორია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (უწინარეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის) შეფასებები.
საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მონაცემებია დაფიქსირებული. იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად ეყრდნობა “საქსტატის” მონაცემებს, ბოლო პერიოდში თითქმის უწყვეტად ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმისტური პროგნოზი კეთდება იმის ფონზე, რაც არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში და როგორი პოლარიზებულიცაა საზოგადოება.
საზოგადოება რომ პოლარიზებულია, ეს ხომ კარგად იცის სავალუტო ფონდმა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაში არ ხდება ისეთი რამ, რაც ეკონომიკური კრიზისის დაწყების მანიშნებელია. უშუალოდ ეკონომიკიდან, ჩვენს ეკონომიკას არაფერი ემუქრება! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა სრულად დაცულია ყველაფრისგან. პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ რამე სირთულე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაში, ან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების გართულებაში, ეს ყველაფერი არ იქნება გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით, არამედ გამოწვეული იქნება ან საგარეო ფაქტორებით, ან/და იმით, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი არ ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს”,- განაცხადა ლადო პაპავამ.