ლევან დავითაშვილი: „იმედი გვაქვს, რომ დავოსში გამართული შეხვედრები პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ”
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს საერთაშორისო კომპანიებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ფორუმისთვის მოსამზადებელი მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შეხვედრები უკვე დანიშნულია.
„დავოსი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა წლის დასაწყისში, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია, იკრიბება ბიზნესი და ყალიბდება აზრი ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის შესახებ. ასევე დავოსი საინტერესოა პრაქტიკული კუთხით, რადგან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტულ პროექტებთან, საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით და ჩვენთვის სწორედ ეს მიმართულებაა იქ ყველაზე მეტად საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში დავოსი გახდა ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც, ამიტომ ქვეყნის ცნობადობისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე მონაწილეობა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პანელურ დისკუსიაში. გარდა ამისა, ჩანიშნულია საქართველოს დელეგაციის B2B შეხვედრები კონკრეტულ ბიზნეს-პროექტებთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრების მონაწილე ბიზნესების გეოგრაფიის გარდა ფართოა სექტორული მიმართულებების სპექტრიც.
„შეხვედრებს გავმართავთ მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან, დაწყებული აშშ-თი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წამყვანი ბიზნეს-ჯგუფებით დამთავრებული. ასევე მრავალფეროვანია სფეროები – ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ისე კონკრეტულ სხვადასხვა სექტორებს – სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვა მიმართულებებს. ამასთან, შეიძლება პარალელური შეხვედრები გაიმართოს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საბოლოოდ პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში რიგით 54-ე ეკონომიკური ფორუმი დღეს იხსნება. წინასწარი ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია და მთავრობათა მეთაურები, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა რეგიონიდან.