დავით თევზაძის უნივერსიტეტს ლექტორებიც უპირისპირდებიან

„ აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ სკანდალის გაგრძელება

  თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის სიძის მიერ დაფუძნებული შპს „ აიბი – ევროკავკასიურ უნივერსიტეტს“ წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისი ჰქონდა. უნივერსიტეტს ავტორიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეუჩერდა. როგორც „კვირისთვის“ გახდა ცნობილი, უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2007 წელსაც შეუჩერდა და 2009 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია ხელახლა მოიპოვა. წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ლექტორებს და მოწვეულ სპეციალისტებს ხელფასს ვერ უხდიდა. ლექტორების სახელფასო დავალიანება უნივერსიტეტს დღემდე ვალად აწევს. სწორედ ამ მიზეზის გამო, უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებები პერიოდულად მიმდინარეობდა. ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პედაგოგები იძულებულნი იყვნენ, სამსახური მიეტოვებინათ და სხვა უნივერსიტეტში დასაქმებულიყვნენ, – ამის შესახებ „კვირას“ ერთ-ერთმა ლექტორმა თეიმურაზ ქორიძემ განუცხადა.
თეიმურაზ ქორიძე შპს „ აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტში“ სტუდენტებს ჟურნალისტიკის ხელოვნებას ასწავლიდა, სადაც ყოველთვიურად ხელფასის სახით 750 ლარს იღებდა. როგორც „კვირას“ თეიმურაზ ქორიძემ განუცხადა, მას სახელფასო დავალიანება 1500 -მდე ლარი აქვს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დღემდე არ გადაუხდია. მისი თქმით, სახელფასო დავალიანებისა და თანხის გადაუხდელობის გამო, მან უნივერსიტეტი 2013 წელს დატოვა.
„უნივერსიტეტიდან ისე წამოვედი, განცხადებაც არ დამიწერია. 2013 წელს დამიბარეს და მითხრეს, რომ ფინანსური შესაძლებლობა აღარ გვაქვსო და წამოვედი. მითხრეს, თუ შესაძლებლობა იქნებოდა, იანვარში დაგირეკავთო. მაგრამ არც დაურეკავთ, ან როგორ დარეკავდნენ, ავტორიზაცია შეუჩერდათ. უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემა უკვე კარგა ხანია აქვს. კრიზისი ყოველთვის ჰქონდათ, მათი აქილევსის ქუსლი ფინანსები და ხელფასები ყოველთვის იყო“, – აღნიშნა უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა.
თეიმურაზ ქორიძე სამედიცინო დაწესებულებაში ფინანსურ კრიზისსა და პრობლემებს უნივერსიტეტის მართვის არასწორ მენეჯმენტს აბრალებს.1781718_704663726222790_1247527520_n (1)
„ეს მენეჯმენტის ბრალი იყო. რეალურად, უნივერსიტეტს დავით თევზაძის და, თინანო თევძაზე მართავს. თინანო თევზაძე პროფესიით მართვის სპეციალისტი და პროფესორია, მაგრამ ფაქტია, უნივერსიტეტს ვერ მართავს და წარმატებულიც ვერ გამოდგა იმიტომ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს უნივერსიტეტი ფეხზე ვერ დადგა. არადა, ჩემი აზრით, მას ჰქონდა საშუალება, რომ ეს გერმანული უნივერსიტეტი ფეხზე დამდგარიყო. სხვათა შორის, რამდენჯერმე სხვადასხვა სპეციალისტიც მოიწვიეს, მაგრამ მათ ისევ თინანო თევზაძე მართავდა და ისინიც მის მითითებებს ასრულებდნენ“, – აღნიშნა თეიმურაზ ქორიძემ. მრავალპროფილიანი სასწავლო დაწესებულება შპს „აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტი“ გერმანელმა რუტფუსმა დააფუძნა.
როგორც „კვირისთვის“ გახდა ცნობილი, რუტფუსი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის ქალიშვილის მეუღლეა. სწორედ მისი დაფინანსებით დაარსდა მრავალპროფილიანი შპს „აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტი“. თეიმურაზ ქორიძის ინფორმაციით, თინანო თევზაძის არასწორი მენეჯმენტის გამო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ადრეც შეუჩერდა და მაშინაც ფინანსური პრობლემები იყო მიზეზი.
„გერმანელი უნივერსიტეტში ტყუილად ფულს არ ჩადებდა. ალბათ შედეგიანი არ აღმოჩნდა და დაფინანსება შეუწყვიტა. ეს ფინანსური პრობლემა პირველი არ ყოფილა. ადრეც, დაახლოებით 6-7 წლის წინაც იყო ასეთივე ფინანსური კრიზისი. მერე რაღაცა მოახერხეს, მაშინ თინანო თევზაძემ ორი ბინა დააგირავა… მერე ტრაგიკულად დასრულდა ეს ყველაფერი, ბინა დაკარგა… მისმა მეუღლემ ეს რომ შეიტყო და თან 200 ათასი დოლარის ვალი დაედოთ, კაცმა ინფარქტი მიიღო და გარდაიცვალა. ეს ყველაფერი კი მენეჯმენტის ბრალია“, – ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი. ის ვარაუდობს, რომ ახლაც სასწავლო დაწესებულებამ ბიუჯეტში თანხა დროულად ვერ გადარიცხა. შესაბამისად, განათლების სამინისტროში ავტორიზაციის საკითხის პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტები დროულად ვერ შეიტანეს.
„კვირა“ უნივერსიტეტის სასწავლო სასწავლო პროცესის მენეჯერს, მაკა შალამბერიძეს დაუკავშირდა. თუმცა, მან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. „არ მსურს თქვენთან საუბარი… და აღარ შემაწუხოთ. არ მაინტერსებს თქვენი კითხვები“, – აღნიშნა მაკა შალამბერიძემ.
„კვირა“ მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტის პრორექტორს დავით თევზაძესაც უკავშირდებოდა, თუმცა მისი პირადი ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო.
შეგახსენებთ, რომ შპს „აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტს“ ავტორიზაცია 2014 წლის 5 იანვარს შეუჩერდა და სტუდენტები დღემდე გაურკვეველ ვითარებაში არიან. განათლების სამინისტროს სპეციალური კომისია სასწავლებლის შემოწმებას 13 თებერვალს იწყებს. კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის გაგრძელებას. შპს „აიბი – ევროკავკასიურ უნივერსიტეტში“ სწავლის საფასური წელიწადში 3500 ლარია, პირველი სემესტრის სწავლის გადასახადი 300-მა სტუდენტმა უკვე დაფარა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები