“მზადდება შეიარაღებული გადატრიალება და ამ შეთქმულებაში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობს“

ბატალიონ “ავაზას“ ყოფილი მეთაური, პატრიოტთა რაზმის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ მზადდება შეიარაღებული გადატრიალება და ამ შეთქმულებაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობს. მისივე ინფორმაციით, შეთქმულების მიზანი “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ძალაუფლების აღდგენაა. წითელაშვილი აცხადებს, რომ ეს შეთქმულება უპირველესად თავდაცვის სამინისტროში ვლინდება, სადაც მინისტრის გარდა არავინ და არაფერი შეცვლილა.
“მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოფიცრის ლიკვიდაციაში მონაწილეობა აქვს მიღებული ლოგისტიკის სარდალს გიორგი კერესელიძეს! კერესელიძის გარდა, მაღალ თანამდებობებს იკავებენ: საჰაერო ჯარების სარდალი მერაბ ურიდია, რომელმაც 2007 წელს საჰაერო საზენიტო კომპლექსების უკრაინიდან შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ეს იარაღი მხოლოდ ქაღალდზეა რეგისტრირებული და სინამდვილეში საქართველოს არ გააჩნია. ლაპარაკია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე „ბუკი“, „კუბი“, „კრუგი“, „ილგა“, „სტრელი“. 2008 წლის ომის დროს ეს იარაღი რომ ჰქონოდა საქართველოს, ვერცერთი რუსული ბომბდამშენი ჩვენს საჰაერო სივრცეში ვერ შემოაღწევდა, შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიებს ვერ დაბომბავდნენ. რუსებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ეს სითბური რაკეტები ქართველმა სამხედროებმა უჩუმრად ირანსა და სირიაში გაყიდეს, რომლებსაც იარაღის ოფიციალურად ყიდვაში საერთაშორისო ემბარგოების სანქციები უშლით ხელს. ჩვენ ამის ამსახველი დოკუმენტები პროკურატურასაც გადავეცით, თუმცა, პროკურატურა ამ საკითხებზე დანაშაულებრივად დუმს!.. ამას ჰაერზე კი არა, ოფიცრების ჩვენებების და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე ვამბობ!.. მე ხელთ მაქვს პრეზიდენტის, ანუ უმაღლესი მთავარსარდლის ხელმოწერილი ბრძანება, 51 ვიცე-პოლკოვნიკისთვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭების შესახებ. ამ 51 ოფიცრიდან მრავალი მათგანი მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულში ბაჩანა ახალაის მინისტრობის დროს!“, – განაცხადა წითელაშვილმა.10699234_297277573811766_791039068_n
წითელაშვილი მის მიერ ამოცნობილი პოლკოვნიკების ვინაობასაც ასახელებს.
„შალვა ძინძიბაძე – ბაჩანა ახალაიას კადრი, რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა გიგი კალანდაძის უკანონო მითითებებს; ნიკოლოზ აგლაძე – იმის ნაცვლად, ოფიცერზე ზეწოლის წამების გამო პროკურატურას ჩვენებას აძლევდეს, დღეს პრეზიდენტის მიერ არის წახალისებულილი; გიორგი ბაბუნაშვილი – ასევე ოფიცრებზე ზეწოლაში მონაწილე; გიორგი კერესელიძე – სწორედ ის სარდალია, რომელმაც ოსიაურში 15-მდე ოფიცერი გააშიშვლა, „სალიარკა“ გადაასხა და დაწვის იმიტაცია შეუქმნა… ელგუჯა მოწონელიძე – 26 მაისს სასტიკად არბევდა მომიტინგეებს, რომლებიც ტირანიას აპროტესტებდნენ; ბესიკ ქობოძე – ხელმძღვანელობდა ზონდერჯგუფებს, მომიტინგეთა წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობის მიზნით… აი, როგორ ხალხს აბარია ქვეყნის თავდაცვის ბერკეტები, ვის წყალობს და აწინაურებს პრეზიდენტი მარგველაშვილი. ახლა ამ პოლკოვნიკებმა სიგნალი მიიღეს ციხიდან და დარწმუნებული იყავით, რომ შესაბამის მოქმედებასაც არ დააყოვნებენ!“, – განუცხადა „ასავალ-დასავალს“ ტრისტან წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები