საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროკურატურასთან კოორდინაციით, რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 30 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი.

როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი. ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია.

“პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით, გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი.

ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 8 925 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, რომლის ღირებულება 1 299 265 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 18 პირი.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 975 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაა 591 525 ლარი.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში მცდარი ინფორმაციის წარდგენით, უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 25 760 ლარის ღირებულების 644 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მეოთხე საქმეზე, ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 224 492 ლარის ღირებულების 4 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს. აღნიშნული ქონების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ ბრალდებულის ოჯახის საკუთრებაშია.

მთლიანობაში, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 20 194 კვ.მ. სახელმწიფო მიწას, რომლის საერთო ღირებულება 2 141 042 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივი სქემების სრულად გამოვლენისა და მასში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. უწყება მკაცრ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები