საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლები საირიგაციო წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების სქემაში ჩაერთო
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლები საირიგაციო წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების სქემაში ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ფინანსური ტვირთის მაქსიმალურად შემცირება, აგრარული საქმიანობის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სტაბილური პირობების შექმნა იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.
„საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს აწყდება, რის გამოც მნიშვნელოვანია მათი მიზნობრივი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასური სრულად დაუსუბსიდირდებათ. გარდა ამისა, ადგილობრივ ფერმერებს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებაც გაუნულდებათ“, – განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
სუბსიდიით სარგებლობისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ფერმერებმა, წყალსარგებლობის განრიგის შესათანხმებლად, დროულად უნდა მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს.