გოგი მეშველიანი: პოზიტიური, ოპტიმისტური განწყობით ვაცილებთ 2023 წელს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისში წინასაახალწლო კონცერტს დაესწრო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ბოლნისში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა წინასაახალწლო კონცერტი არაჩვეულებრივი შემსრულებლების მონაწილეობით, შესაბამისად ამაღლებული განწყობაა. მიხარია, რომ უამრავი ახალგაზრდა შემოუერთდა დღევანდელ ღონისძიებას.

რაც მთავარია პოზიტიური, ოპტიმისტური განწყობით ვაცილებთ 2023 წელს, რომელიც გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა ხელისუფლებამ, ჩვენი საზოგადოების თანადგომით შეძლო მთავარი დაბრკოლებების გადალახვა და ახალ 2024 წელს ვხვდებით იმედით, რომ ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარების, აღმავლობის და წარმატების მომტანი იქნება.

მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი ოლქის – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საზოგადოებას და მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი. ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, წინსვლა, ხვავი და ბარაქა ოჯახებში“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა.

მერიის მიმდებარედ, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართა.

პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, მათ განწყობაზე ილუზიონისტმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს, ასევე მოეწყო აზოტის შოუ, სანტამ კი მათ საჩუქრები დაურიგა.

დღის ბოლოს გამართულ კონცერტში ჯგუფმა „ურსამ“, თიკა ბალანჩინიმა და New One Band-მა მიიღეს მონაწილეობა. საღამოს ვიკა კალანდია წარუძღვა, საახალწლო ღონისძიება კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას გოგი მეშველიანი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები