„აფხაზეთი -1970. ოჩამჩირისა და გალის რაიონები“ – გამოცემის წარდგენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა ოთარ ჩიჯავაძის მიერ ჩაწერილი ქართული ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ფონოჩანაწერების – „აფხაზეთი -1970. ოჩამჩირისა და გალის რაიონები” – წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოცემა მომზადდა ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ კავკასიის უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სთან გააფორმა.
იდეის ავტორია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა შარიქაძე.
მემორანდუმის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის უნიკალური არქივის შემონახვას.
სამუსიკო ხელოვნების განვითარება, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა, მომავალ თაობათა კულტურული აღზრდა, ქართული ეროვნული მუსიკალური კულტურისა და მემკვიდრეობის წარდგინება (შესწავლა, დაცვა, პოპულარიზება) მსოფლიო კონტექსტში – ეს ის უმნიშვნელოვანესი მიზნები და ფასეულობებია, რომლებიც, ერთი მხრივ, ეხმიანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების „მესამე მისიით“ განსაზღვრულ დებულებებს, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს ურთიერთთანამშრომლობის მყარ საფუძველს იმ უნივერსიტეტებს შორის, რომელთაც არ აქვთ სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები.
მემორანდუმის მიზანი კონსერვატორიის გრიგოლ ჩხიკვაძის სახელობის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიის არქივში დაცული, ტრადიციული მუსიკის იშვიათი საექსპედიციო ჩანაწერების გამოქვეყნებაა.
ეს გამოცემა ქართული სამუსიკო კულტურის მოამაგის, ტრადიციული მუსიკის ღვაწლმოსილი შემკრების, მკვლევრისა და პედაგოგის, ოთარ ჩიჯავაძის მიერ ოჩამჩირისა და გალის რაიონებში ჩატარებულ ექსპედიციას ეთმობა.
აღნიშნული ექსპედიციის მასალა აფხაზურ ხალხურ სიმღერას ნამდვილი, სარწმუნო წყაროთი – ადგილობრივ მკვიდრთა შესრულებით – გვაცნობს. ამავე დროს ის გვერდიგვერდ წარმოგვიდგენს ქართველი და აფხაზი ხალხების მუსიკალურ ყოფას, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხანგრძლივი თანაცხოვრებისა და კულტურული ურთიერთობის თვალსაჩინო შედეგებს – სასიმღერო რეპერტუარის საერთოობას, მსგავსებასა და ნასესხობას, ურთიერთგავლენებს.
პუბლიკაციაში შესული აუდიონიმუშები შეუცვლელი მასალაა ქართული და აფხაზური ხალხური მუსიკის შედარებითი კვლევისათვის, მათი სავარაუდო საერთო ძირების ძიებისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ გამოცემა, როგორც ქართველი და აფხაზი ხალხების მიერ ერთიმეორის კულტურათა გაზიარების თვალსაჩინო მაგალითი, თავის წვლილს შეიტანს ამ ხალხებს შორის ნდობისა და პატივისცემის, ურთიერთობის აღდგენის საქმეში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის – სეუ-ს რექტორი გიორგი კავთელიშვილი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
 გამოცემაზე მუშაობდნენ: შემდგენელ-რედაქტორები: ნატალია ზუმბაძე, ქეთევან მათიაშვილი;
აუდიორედაქტორი: ილია ჯღარკავა;
მთარგმნელები: ბესიკ ჭითანავა (მეგრული), ესმა კოკოსკერია და რიტა ამჭბა-მარღანია (აფხაზური),
მაია კაჭკაჭიშვილი (ინგლისური); რედაქტორი: მაია ლომია (მეგრული); დიზაინერი: გიორგი ბაგრატიონი.
 საღამოში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „ადილეი“, ნატალია ზუმბაძე, დავით შუღლიაშვილი და ოთარ კაპანაძე.
საღამოს უძღვებოდა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნატალია ზუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები