ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

“ახალციხის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, სადაც ახალციხელების წინასაახალწლო განწყობის შექმნაში, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ქართული ესტრადის მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯგუფი „სახე“, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“ზეიმი განსაკუთრებით თოვლის პაპის და ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენამ და სამუსიკო სკოლის პატარა დრამერების შოუმ გაახალისა.
ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ მიმდინარე წლის სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი პირველკურსელები – დიმიტრი წიქარიშვილი, მარიამ ზედგინიძე, თეიმურაზ ჩადუნელი და ანი ივანიძე, რომლებსაც მერიისგან 1000 ლარის ოდენობით ფულადი საჩუქარი ჩაერიცხათ. ასევე, მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო მიიღეს ევროპის ჩემპიონმა კუდოში სედრაკ კარაპეტიანმა და მისმა მწვრთნელმა გელა კახიშვილმა.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.
„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს იგი თითოეული თქვენგანისათვის, მჯერა, რომ ახალი 2024 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეებით იქნება აღსავსე“ – მიმართა შეკრებილებს ირაკლი ლაზარაშვილმა.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ფოლკლორულ ანსამბლ მესხეთის სიმღერის „მრავალჟამიერის“ თანხლებით აინთო. ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები