“სემეკი წყლის ახალ ტარიფს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს; იმედია, ზრდა ნახტომისებური არ იქნება, თუმცა, ისიც გვესმის, რომ ცვლილება გარდაუვალია, სხვა შემთხვევაში ინვესტიციები არ განხორციელდება” – ჭარაია
“სემეკი წყლის ახალ ტარიფს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტარიფი ნახტომისებური არ იქნება, მოსახლეობაზე დიდი ზეგავლენა რომ იქონიოს. თუმცა, გარკვეული ინვესტიციების საჭიროებიდან გამომდინარე, ისიც გვესმის, რომ ტარიფის გარკვეული ცვლილება გარდაუვალია, სხვა შემთხვევაში ინვესტიციები არ განხორციელდება და თუ ინვესტიცია არ განხორციელდება, სისტემა ვერ გაიმართება”, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭარაია წყლის ტარიფის მოსალოდნელი მატების საკითხს გამოეხმაურა და კვლევის შესახებ ისაუბრა, რომელიც წყლის სისტემების მართვას ეხება.
“ჩვენი კვლევა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და “თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ერთობლივი თანამშრომლობითაა გაკეთებული. ავტორები გახლავართ: ვახტანგ ჭარაია, მარიამ ლაშხი და თენგიზ თაქთაქიშვილი. ეს არის კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე მიზნად არსებული რეალობის დადგენას ისახავს. პირველი – თუ რა მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული წყალმომარაგების სისტემა. განსაკუთრებულ აქცენტს თბილისზე ვაკეთებთ. სემეკის მიერ ტარიფის მოსალოდნელი კორექტირება სწორედ თბილისს და მიმდებარე ქალაქებს დაუკავშირდება. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ზოგადად, ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია,ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ განახლებულა. ეს ეხება 90-იანების დასაწყისიდან 2007-მდე პერიოდს, როცა ეს სისტემა სახელმწიფოს ხელში იყო. შემდეგ რამდენიმე რუსული კომპანია იყო შემოსული, რომელმაც თუ რამე არ გააფუჭა , სიკეთე არაფერი მოუტანია. ინვესტიციები მიზერულად ხორციელდებოდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ესპანური ინვესტიცია, რომელიც საქართველოში “აქვალიას” სახით შემოვიდა, გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას შეძლებს, რათა წყალმომარაგებაში წყვეტა, დიდი დანაკარგები, ისეთი გრაფიკი, რომელიც მოსახლეობისთვის მიუღებელია, არ იყოს. მთელი რიგი დასახლებები მრიცხველების გარეშეა. ეს მოსაწესრიგებელია. ამ ყველაფერს დარგში გამოცდილი კომპანია სჭირდება.
სემეკი წყლის ახალ ტარიფს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტარიფი ნახტომისებური არ იქნება, მოსახლეობაზე დიდი ზეგავლენა რომ იქონიოს. თუმცა, გარკვეული ინვესტიციების საჭიროებიდან გამომდინარე, ისიც გვესმის, რომ ტარიფის გარკვეული ცვლილება გარდაუვალია, სხვა შემთხვევაში ინვესტიციები არ განხორციელდება და თუ ინვესტიცია არ განხორციელდება, სისტემა ვერ გაიმართება”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, ის მილები, რომლებიც წყლის მომარაგების სისტემაშია, იმდენად ამორტიზებულია, რომ თუ მათი ოპერატიული განახლება არ მოხერხდა, ახლო მომავალში შესაძლოა, გრაფიკებმა არათუ იკლოს, არამედ მოიმატოს.
“არსებობს საშუალო ტემპი, რითაც ამა თუ იმ ქვეყანაში წყლის სისტემების ინფრასტრუქტურა უნდა ახლდებოდეს. ჩვენ ევროპული, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ავიღეთ, რომლებსაც გვინდა, რომ შევედაროთ, როგორც მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპას, სადაც საშუალოდ ინფრასტრუქტურის განახლების მაჩვენებელი 1, 5 % წარმოადგენს მაშინ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში 0,2 – 0,4 %-ის ფარგლებში მერყეობდა. აქედან ჩანს, ნორმალურ, საშუალო მაჩვენებელს რამდენად ჩამოვრჩებით. სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით, ის მილები, რომლებიც წყლის მომარაგების სისტემაშია, იმდენად ამორტიზებულია, რომ თუ მათი ოპერატიული განახლება არ მოხერხდა, ახლო მომავალში, შესაძლოა, გრაფიკებმა არათუ იკლოს, არამედ მოიმატოს, თუმცა, აქ უკვე მეორე ნაწილს ვადგებით. იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გამოიცვალოს , ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო, ინვესტიციების განმახორციელებელი ის კომპანია უნდა იყოს, რომელიც ამ სისტემებს ფლობს, თბილისის შემთხვევაში ეს GWP-ია, მან რომ ინვესტიცია განახორციელოს, ამისთვის სემეკთან შეთანხმება სჭირდება. გამომდინარე იმ თანხიდან, რაზეც სემეკი და ინვესტორი კომპანია ინფრასტრუქტურის განახლებაზე შეჯერდებიან, ეს, რა თქმა უნდა, ტარიფზე იმოქმედებს. ესაა მტკივნეული და მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენი გათვლებით, თბილისში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ დავეწიოთ და მეტ-ნაკლებად გამოვათანაბროთ ის არსებული ინფრასტრუქტურა, საშუალო ევროპულთან თუ არა, ევროპულის საშუალოს საშუალოსთან მაინც. ეს დიდი თანხაა, რომელსაც შეუძლია, ტარიფზე ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შემოვიღოთ ისეთი გადახდის სისტემა, რომელიც მოსახლეობას არ დაამძიმებს და კომპანიასაც მისცემს შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურა განაახლოს და ორივე მხარემ მოიგოს, ერთი მხრივ, ახლო მომავალში გრაფიკს უფრო აქტიურად არ შევეჯახოთ, მეორე მხრივ – გადავიხადოთ იმდენი, რომ ჯიბეს მნიშვნელოვნად არ დაეტყოს. აქ კიდევ ერთი პარამეტრი შემოდის, გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი. ჯანმოს თანახმად, დადგენილი სტანდარტია – წყალმომარაგების სისტემაში მოსახლეობის ხარჯი შემოსავალთან 3 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში ეს კოეფიციენტი, დაახლოებით 0, 7 %-ის დონეზეა. არ ვამბობ, რომ ცოტას ვიხდით, უბრალოდ სტატისტიკისთვის ვიმეორებ: ჯანმოს რეკომენდაციაა 3%, საქართველოში ამ ეტაპზე საშუალოდ 0, 7 %-ია. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ გაიზრდება, გაიზარდოს არა მარტო მოსახლეობის გადახდის ხარჯზე, არამედ ქვეყანაში ზოგადი ცხოვრების ამაღლების, მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ინფრასტრუქტურა რომ არ გაუარესდეს, გარკვეული მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს, განახლებებია საჭირო. მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს მოსახლეობის ჯიბეზე იმ დოზით აისახოს, რომ მნიშვნელოვანი ზრდა არ იყოს. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ, ტარიფების სხვადასხვა მიდგომებია. ჩვენი აზრით, ოპტიმალური მიდგომა რა შეიძლება იყოს – გარკვეული საფეხურეობრივი ტარიფი შემოვიდეს, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, რაღაც ზღვრამდე შეღავათიანი ფასი გადაიხადოს, თუნდაც ის, რაც გვაქვს, რაღაც ზღვრის შემდეგ კი უფრო მაღალი ტარიფით გადაიხადოს”, – განაცხადა ჭარაიამ.