“არ ვიცი, სუპერ თუ პუპერ პაკი რა არის, სააკაშვილი რაღაცებს ამბობს და პარტია არ უსმენს” – ბექა ლილუაშვილი

“არ ვიცი, სუპერ თუ პუპერ პაკი რა არის. მიხეილ სააკაშვილი რაღაცებს ამბობს და პარტია არ უსმენს, მისი მოწოდებების შეუსაბამოდ იშლებიან“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„გუშინ საახალწლო ნაძვისხესავით, წითელ ფერში აინთო მთელი ოპოზიციური სპექტრი და ყველამ დაიწყო ამ საკითხის დაცვა. არ ვიცი, სუპერ თუ პუპერ პაკ-ი რა არის თავისი შინაარსით, აპელირებას ახდენენ მენეჯმენტის ბორდებში და ამით კეთილგანწყობის მოპოვება სურთ, ჩვენთვის ეს სრულად არარელევანტურია. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არც მომისმენია, არც მაინტერესებს. მიხეილ სააკაშვილი რაღაცებს ამბობს და მისი პარტია არ უსმენს, მისი მოწოდებების შეუსაბამოდ იშლებიან, ნაწევრდებიან და დანარჩენი ოპოზიცია უსმენს, თავისი თავის აპელირებას აკეთებს. უცნაურია, ცოტა არ იყოს, გამკვირვებია ასეთი მიდგომა, დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, „სუპერ პაკი“.

„პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები