პრიგოჟინი მოკლეს – Wall Street Journal-ი ორგანიზატორს ასახელებს
“ვაგნერის” ლიდერი – ევგენი პრიგოჟინი მოკლეს, მისი ლიკვიდაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ლიდერმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პატრუშევმა მოაწყო.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პატრუშევი აფრთხილებდა ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინასთან ომში პრიგოჟინსა და მის დაქირავებულებზე დაყრდნობა პრიგოჟინის გავლენებს გაზრდიდა და კრემლს საფრთხეს შეუქმნიდა, ხოლო როდესაც პრიგოჟინი აჯანყდა, პატრუშევმა მისგან სამუდამოდ გათავისუფლების შესაძლებლობა დაინახა.
WSJ-ის ცნობით, პატრუშევმა პუტინის გაფრთხილება 2022 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ კრემლის ლიდერმა მისი სიტყვები უგულებელყო, რადგან “ვაგნერელები” ბრძოლის ველზე წარმატებას აღწევდნენ. თუმცა, პუტინის განწყობა 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა. ამ დროს პრიგოჟინმა პუტინს უხეში ფორმით დაურეკა და საბრძოლო მასალის ნაკლებობას ჩიოდა, რაც, მისი თქმით, დიდ დანაკარგებს იწვევდა.
WSJ წყარო ირწმუნება, რომ ამ ზარის განხორციელების დროს პუტინის კაბინეტში პატრუშევი იმყოფებოდა, რომელმაც ჩათვალა, რომ პრიგოჟინი საშიში გახდა და აღარ სცემდა პატივს კრემლის ლიდერს.
უკვე 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინი აჯანყდა, პატრუშევმა „კონტროლი საკუთარ თავზე აიღო“.
WSJ-ის წყაროების თანახმად, პატრუშევმა პრიგოჟინის მიმართ დადებითად განწყობილ ოფიცრებს დაურეკა და სთხოვა, დაერწმუნებინათ “ვაგნერის” ხელმძღვანელი, შეეწყვიტა აჯანყება. პატრუშევი კონფლიქტის მოგვარების შუამავლებს ქვეყნის გარეთაც ეძებდა – ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა, ეს ქასიმ-ჟომარტ ტოყაევი იყო.
აჯანყების დასრულების შემდეგ, პატრუშევმა მკვლელობის გეგმის შემუშავება დაიწყო. გამოცემის წყაროების თანახმად, პუტინს მოგვიანებით ეს გეგმა აჩვენეს და მას ის არ გაუპროტესტებია.
23 აგვისტოს ევგენი პრიგოჟინი “შერემეტიევოს” აეროპორტში მისი თვითმფრინავის შემოწმებას და გაფრენას ელოდებოდა. WSJ-ის წყაროს თქმით, სწორედ ამ დროს, პრიგოჟინის თვითმფრინავის ფრთაზე მცირე ზომის ბომბი დამონტაჟდა.
აფრენიდან ნახევარ საათში, დაახლოებით 8500 მეტრის სიმაღლეზე ბომბი აფეთქდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კრემლი პრიგოჟინის სიკვდილთან რაიმე კავშირს უარყოფს.