ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 21 დეკემბერს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ თქვა, „ყველა მოქალაქე შოკირებულია მომხდარით… ჩვენ ყველას გვაერთიანებს ტკივილი, თანაგრძნობა მსხვერპლთა და მათი ახლობლების მიმართ”.

სროლის შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელია, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, მან თავი მოიკლა თუ პოლიციის მიერ არის ლიკვიდირებული.

ასევე, 25 ადამიანი დაშავდა, სულ მცირე – ცხრა პირის მდგომარეობა მძიმეა, ხუთს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აქვს, 10-ს კი – მსუბუქი.

რაც შეეხება თავდამსხმელს, პოლიციაში აცხადებენ, რომ ის ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის 24 წლის სტუდენტი იყო და პრაღიდან 21 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა.

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, უნივერსიტეტზე თავდასხმამდე დევიდ კ.მ-მ მამა მოკლა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, უნივერსიტეტში შეჭრისას ის ყვიროდა, “მამა მოვკალი და თქვენ დაგინდობთ?”

უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ დევიდ კ. კარგად სწავლობდა, წელს პრაღის პოლონური ინსტიტუტისგან ჯილდო მიიღო 1846 წლის რევოლუციურ მოვლენებზე ნამუშევრისთვის.

პოლიციაში განაცხადეს, რომ მას იარაღის ტარების ნებართვა გააჩნდა და “მთელი არსენალი” ჰქონია.

პოლიციის ცნობით, ის ლექციას უნდა დასწრებოდა უნივერსიტეტის სხვა შენობაში. რა გახდა მისი ქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ამასთან, ჩეხეთის პოლიციის უფროსმა, მარტინ ვონდრაშეკმა თქვა, რომ მსროლელზე გავლენა „საშინელმა მოვლენებმა მოახდინეს, რომლებიც საზღვარგარეთ მოხდა”. თუმცა, რაზეა საუბარი – უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები