NYT: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოკავშირეებთან სასწრაფო მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეერთებულ შტატების სურვილია, რომ აღნიშნულ საკითხზე სტრატეგიის შემუშავება 2024 წლის 24 თებერვლამდე მოხდეს, რისთვისაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის ხელისუფლებასთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაჩქარდა.
საუბარია 300 მილიარდ დოლარამდე რუსულ აქტივებზე და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, თუ რა გზებით მოხდება უკრაინის სასარგებლოდ თანხების გამოყენება.