ირაკლი ქადაგიშვილი: ხაზარაძე იქნება თუ გახარია, შეეცდებიან, მაქსიმალურად მკვეთრი განცხადებები აკეთონ, რათა ეს 3-4 წელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით გაატარეს, ხალხს დაავიწყონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან.
„რადიკალურ ოპოზიციაში იქნება ახლა ძალიან დიდი დაქორწინება-გაყრის ბატალიები. სააკაშვილი შეეცდება, რაც მისითა და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ოპოზიცია სპეკულირებს, ამასთან დაკავშირებით ყველას ბოლომდე მოსთხოვოს პასუხი. იგი აქ ხაზარაძესა და კიდევ ბევრს ახსენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა სუბიექტები: ხაზარაძე იქნება თუ გახარია, ამ ბოლო პერიოდში შეეცდებიან, მაქსიმალურად მკვეთრი განცხადებები აკეთონ, რათა ეს 3-4 წელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით გაატარეს, ხალხს დაავიწყონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი სუპერ პაკი.