“ადგილობრივი ინფლაციის წნეხის შემცირება მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რამაც სებ-ის გადაწყვეტილება განსაზღვრა” – ლაშა ქავთარაძე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა, ლაშა ქავთარაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე შემცირდა.
„ჩვენი პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობდით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებდა“, – ამბობს ქავთარაძე.
მისი თქმით, Galt & Taggart-ი წლის მეორე ნახევარში განაკვეთის 9,5%-მდე შემცირებას პროგნოზირებდა.
„თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სიფრთხილე გამოიჩინა წინა კომიტეტის სხდომაზე, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა. მაშინ დასახელებული იყო გლობალური რისკები, რომლის შედეგადაც შესაძლოა, გადმოსულიყო ინფლაცია განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ეს იყო წინა გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილის ძირითადი მიზეზი“, – ამბობს ქავთარაძე.
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება გარკვეულწილად ქვეყანაში დაბალ ადგილობრივ ინფლაციას უკავშირდება.
მისი თქმით ადგილობრივი ინფლაცია რეფინანსირების განაკვეთის განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
„საქართველოში ადგილობრივი ინფლაცია პოზიტიური რჩება, თუმცა კლების ტენდენცია აქვს და 3,8% შეადგინა ნოემბერში. ესეც ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში დაუახლოვდება 3%-ს და არის მოლოდინი, რომ 3%-საც ჩამოსცდეს. ადგილობრივი ინფლაცია ძირითადად მომდინარეობს ადგილობრივი მოთხოვნიდან, კერძოდ, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა აღემატება მის პოტენციურ დონეს, აქედან გადმოდის ხოლმე წნეხი. თუმცა, ვხედავთ, რომ წლის მეორე ნახევრიდან მკვეთრი შემცირების ტენდენციაა. შემდეგი ინდიკატორი რასაც უყურებს ეროვნული ბანკი არის საბაზო ინფლაცია. საბაზო ინფლაციაც მნიშვნელოვნად შენელებულია და 1,8% შეადგინა ნოემბერში. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ ფასების კალათიდან გამოვრიცხავთ სურსათის საქონელს, თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებს, თუ ამის გარეშეც ინფლაცია სტაბილურია, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს – გაამკაცროს ან შეარბილოს. ვფიქრობ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკად გამოსვლა კიდევ გაგრძელდება“, – ამბობს ლაშა ქავთარაძე.
მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 2024 წელს ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება, გამომდინარე იქიდან, რომ საინვესტიციო აქტივობა უფრო მეტად დაჩქარდება და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ 2024 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები