ოთარ ნადარაია: სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას “ფრთხილი შერბილება” შეიძლება, ეწოდოს
ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემცირებას ეტაპობრივი შემცირება და ფრთხილი მიდგომა შეიძლება, ეწოდოს, თუმცა, ჯამურად, პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, – ასე აფასებს სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.5 პროცენტამდე შემცირებას „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
ნადარაიას განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ განაკვეთის შემცირება ლოგიკური იყო.
„ის არგუმენტები, რაც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გასაგებია, მაგრამ დავამატებდი იმას, რომ სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მაინც შეიძლება ფრთხილი პოლიტიკა ვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ წინა შემცირება 0.25% იყო და ამჯერად 0.50%-ია. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება და მაინც ეტაპობრივი შემცირება და ფრთხილი მიდგომა შეიძლება ეწოდოს“, – ამბობს ოთარ ნადარაია.
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, სებ-მა მკაცრი განაკვეთი შეინარჩუნა.
„ინფლაცია დაბალი იყო, თუმცა, ახლა საუბარია, რომ კიდევ შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია შემცირდა განაკვეთი მაინც მკაცრი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სებ-ს ფრთხილი შერბილების პოლიტიკა აქვს. ჩვენი პროგნოზია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,6%-ზე შემცირდება. არსებული მოდელით ეს მაჩვენებლები გამოდის“, – ამბობს ოთარ ნადარაია.