ვახტანგ ცინცაძე: პრემიერმა ამომწურავი ანგარიში წარადგინა – კონკრეტული მონაცემებითა და შედეგებით დასტურდება ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის ამომწურავი ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას, რომელშიც კონკრეტული მონაცემებითა და შედეგებით დასტურდება ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, რაც ასევე აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებითაც და რაც თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის თანამიმდევრულ და გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიანიშნებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ “კვირასთან” განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მაღალი დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო რეალურმა ზრდამ 7 პროცენტი შეადგინა.

“როგორც იცით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 – 22 წლებში იყო ორნიშნა. მაღალი ზრდის დინამიკა წელსაც გაგრძელდა და 2023 წელს პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 7 პროცენტი შეადგინა. ასევე გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე – ჩვენი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 2023 წლის ბოლოს 8,100 აშშ დოლარს, ხოლო 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო აქტივობის, საქონლით საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები”,- განაცხადა ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო ხვდება საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. ამასთან, როგორც ცინცაძე განმარტავს, საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2023-2028 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის 5.3%-ის ოდენობით.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო ხვდება საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რაც პრემიერ-მინისტრმა ახსენა გუშინ, რომ ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა.
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას”,- აღნიშნა ცინცაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის რეიტინგებს, ეკონომიკურ ნაწილში, როგორიცაა ეკონომიკური თავისუფლების, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის, OECD – ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი“ და ასე შემდეგ, ვახტანგ ცინცაძე “კვირასთან” საუბარში განმარტავს თუ რამ განაპირობა აღნიშნული პოზიტიური შედეგები.

“ჩვენი მთავრობის ეკონომიკური კურსი დამყარებულია სახელმწიფოს მიმართ ბიზნესის ნდობაზე. მათ შორის, ჩვენთან ეკონომიკური გარემო არის პროგნოზირებადი, საკუთრების უფლებები – დაცული, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ამ მიზნის მისაღწევად დამატებით რესურსებს მიმართავს. ამის კარგი მაგალითია, ბიზნესის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის სტიმულირების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა და ამ პერიოდში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი და შეიქმნა 70,000 – ზე მეტი სამუშაო ადგილი.
გლობალურად გეოპოლიტიკური დაძაბულობის, მაღალი გაურკვევლობისა და ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, გაუმჯობესდა ფისკალური პარამეტრები, შემცირდა საგარეო მოწყვლადობა და ინფლაცია.საქართველომ რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განაპირობა საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. აპრილიდან იგი მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. შედეგად, მოიხსნა სურსათის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა – ნოემბერში სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების კლება ფიქსირდება.

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტორია უმუშევრობის შემცირება ისტორიულ მინიმუმადე, დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდის პარალელურად. 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე – 17.3%-ამდე შემცირდა. უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია 2023 წლის სამივე კვარტალში გაგრძელდა და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე შემცირდა სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად. ბოლო 11 წლის განმავლობაში სიღარიბე, ფაქტობრივად, განახევრდა და ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში არაერთი სისტემური და სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა. საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, ბაზრის ეფექტიანობა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, კონკურენციის ხელშეწყობა, დანაზოგების დონის და პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ეკონომიკურ შესაძლებლობზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და რაც მთავარია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის მარეგულირებელ ნორმებთან ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

საქართველოს პროგრესზე კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მეტყველებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეფასებები და კვლევები. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში“ საქართველო კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვლევა აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებსაც, როგორიცაა: პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანისეული კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა. მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის შეფასების მიხედვით საქართველომ უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია – ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 12-დან 11 მიმართულებაში.
ჩვენ შევინარჩუნეთ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არაერთი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე. სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“, „Moodys“ – შეფასებით საქართველომ შეინარჩუნა რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია. წლის დასაწყისში „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები“,- აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები