ოთარ ჯანელიძის ორი წიგნის წარდგენა გაიმართება

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ოთარ ჯანელიძის ორი წიგნის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ოთარ ჯანელიძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, იკვლევს საქართველოს ახალ, თანამედროვე ისტორიისა და სხვ. პრობლემებს.
პირველი წიგნის სათაურია: „ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი“ (გამოიცა 2020 წელს).
ნაშრომი მოგვითხრობს ერთი თვალსაჩინო ქართული საქმიანი ოჯახის, სამი ასევე ცნობილი ქართველი საქმიანი ადამიანის შესახებ და გვაცნობს მათი თანამედროვე სხვა რამდენიმე მეწარმისა და ქველმოქმედის ბიოგრაფიას, აშუქებს ეპოქას, რომელშიც ეს ადამიანები მოღვაწეობდნენ. ვინ იყო ეს ხალხი? როგორი იყო მათი როლი მაშინდელ საქართველოში? როგორი იყო მათი ეროვნულ და საზოგადო ასპარეზზე გამოსვლა? როგორი იყო ამ ადამიანების საქმიანი ბიოგრაფია და როგორ თანამშრომლობდნენ ისინი იმ ეპოქის სხვა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან? წიგნი უპასუხებს ამ კითხვებს და შესაბამისად აერთიანებს ისეთ ბიოგრაფიულ და ისტორიულ მასალას, რომელიც ერთიანად ჯერ არ გამოცემულა.
მეორე წიგნია: „საქმიანი საქართველო (1801-1921 წლები)“ (გამოიცა 2022 წელს).
წიგნში საქართველოში კაპიტალიზმის დაბადება წარმოჩნდება თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით, შუქ-ჩრდილებითა და მრავალმხრივობით; სხვადასხვა ფორმებითა და კომპანიებით, საქმიანი გარიგებებით, სააქციო საზოგადოებებით, ინვესტიციებით, საფონდო ბირჟებით, კონკურენციით, კონფლიქტებით, ცალკეული პირების გამდიდრებითა და გაკოტრებით, განხორციელებული თუ ვერშემდგარი პროექტებით, სოციალური უსამართლობით, კლასობრივი ბრძოლით. ყველაფერი ეს ნაჩვენებია იმდროინდელი მსოფლიოს განვითარების ფონზე, რუსეთის მაშინდელ იმპერიაში მიმდინარე საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სინამდვილის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 1801-1921 წლებში საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს და განხილულია რამდენიმე სხვა წამოწყებული პროექტიც, რომელთა რეალიზება ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.
ოთარ ჯანელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) და შესაბამისი პერიოდის ისტორიულ კვლევასა და პოპულარიზაციაში. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 15 მონოგრაფიის), სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია რამდენიმე ენაზე. ბატონი ოთარი რედაქტორობს ჟურნალს „ქართული ემიგრაცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები