„იმედს ვიტოვებთ, რომ ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციები საკონცერტო ესტრადაზე მალე აჟღერდება“ – ნინო ჯანჯღავა

მომზადდა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ოპერა „დაისის“ მუსიკალური ნომრების გადამუშავებას და ამ მუსიკის კამერული შემადგენლობებისთვის მორგებას. აი, რა გვითხრა პროექტის ხელმძღვანელმა, კომპოზიტორმა ნინო ჯანჯღავამ:
– ზაქარია ფალიაშვილის საოპერო მუსიკის ტრანსკრიფციების შექმნის იდეა 2025 წელს გაჩნდა და იმავე წელს განხორციელდა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პოპულარული მელოდიების მიხედვით ტრანსკრიფციები.  გამოიცა პარტიტურა პარტიებით და ეს ახალი ვერსიები კონცერტზე, კონსერვატორიის სტუდენტებმა შეასრულეს.
ვინაიდან პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 2026 წელს ისევ მომზადდა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ოპერა „დაისის“ მუსიკალური ნომრების გადამუშავებას და ამ მუსიკის კამერული შემადგენლობებისთვის მორგებას. პროექტის მიზანი იყო ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის საკონცერტო ესტრადაზე შესრულება, რაც მის მუსიკას უფრო ხშირად შესრულებადს გახდის, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს.
– რომელი ეპიზოდები დამუშავდა „დაისიდან“ და როგორ შეირჩა მუსიკოსთა შემადგენლობები? 
– ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან“ შემდეგი მუსიკალური ეპიზოდები  დამუშავდა: „უვერტიურა“ –  სიმებიანი კვარტეტისათვის, „მაროს და ნანოს დუეტი“ – ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ლეკური“ –  სიმებიანი კვარტეტისათვის, „თავო ჩემო“ – ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ცანგალას სიმღერა“ ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ხევსურთა ცეკვა“ – ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „მთიულური“ – სიმებიანი კვარტეტისათვის, „ცანგალა და გოგონა“ – ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „კიაზოსა და ცანგალას დუეტი“ –  ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ღმერთო, იხსენ და უშველე“  – ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის.
შეიქმნა როგორც მკაცრი (ავტორისეული ტექსტის ზუსტი დაცვით), ასევე თავისუფალი (ავტორისეული ტექსტის მცირეოდენი ვარირებით) ტრანსკრიფციები.
მუსიკოსთა შემადგენლობები შეირჩა სპეციალური გათვლით, ვინაიდან საკონცერტო ესტრადაზე ხშირად გამოდიან ეს კოლექტივები – სიმებიანი კვარტეტი (2 ვიოლინო, ალტი და ჩელო), ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტი (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ვალდჰორნი და ფაგოტი) და ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტი (2 საყვირი, ვალდჰორნი, ტრომბონი და ტუბა) – ამით კი პროექტი მეტ შანსს იძლევა, რომ ამ კოლექტივების საკონცერტო რეპერტუარში ტრანსკრიფციები უფრო ხშირად და იოლად შესრულებადი გახდეს.
ისევე როგორც „აბესალომ და ეთერის“ პოპულარული თემების განხორციელებისას გამოიცა პარტიტურები და პარტიები, ასევე ოპერა „დაისის“ საკონცერტო ტრანსკრიფციებიც გამოიცემა პარტიტურებისა და პარტიების სახით, როგორც ბეჭდურად, ისე ელექტრონულად, როგორც ეს არის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ შემთხვევაში (ნინო ჯანჯღავას საავტორო საიტზე უფასო ჩამოტვირთვის შესაძლებლობით).
https://ninojanjgava.musicaneo.com/sheetmusic/sm-625762_transcriptions_of_popular_themes_from_zakaria_paliashvili_s_opera_abesalom_and_e.html
იმედს ვიტოვებთ, რომ ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციებიც საკონცერტო ესტრადაზე მალე აჟღერდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები