რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მწერალი, ფილოლოგი ნინო არსენაშვილი, პოეტი ჯუბა ღებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო გიორგაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (თავმჯდომარე) – გამოავლინა გამარჯვებულები.
სტანდარტულ ნომინაციაში პრემიები ასე განაწილდა:
I პრემია – სალომე გოგოლაძე („დედა სახლში არ არის“);
II პრემია – ირაკლი ნადარეიშვილი („პოეზიის დღე“);
III პრემია – ლია მამულაშვილი („სინთეზური წერტილი“).
ნომინაცია „საბავშვო“, გამარჯვებული ავტორია:
თამთა ტაბატაძე – „რატომ დაკარგა ცისარტყელამ ფერები“.
ნომინაციაში „საბავშვო“ ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოთხრობა „ფენილეთილამინი“. მისი ავტორი ლევან ლორია დაჯილდოვდა პრიზით.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე მხოლოდ ახალგაზრდა მონაწილეებისთვის, გაიცა პრემია, რომელიც დააწესა იტალიის პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა, მწერალმა სოლომონ ნერგაძემ.
ეს პრემია გადაეცა გიორგი ყელბერაშვილს.
პრიზებით დაჯილდოვდნენ: ეკა ოთარაშვილი და ფიქრია ყუშიტაშვილი.
დიპლომით დაჯილდოვდა პოეტი, კრიტიკოსი, ლიტერატურის მკვლევარი ნინო დარბაისელი-სტრონი, ნომინაციაში „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მწერალი“ – თანამედროვე ქართულ მწერლობაში აქტიური ჩართულობისა და შეტანილი წვლილისათვის“.
პრიზები დააწესეს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ქველმოქმედმა ხელოვანებმა: მხატვარმა რეზო (ემელიანე) ადამიამ, ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნოს „ზილფი ჰენდმეიდის“ დამფუძნებელმა ფატი კახნიაშვილმა, მხატვარმა – ქეთევან ჯავახიძემ.
მწერალთა კავშირის სახელით, პოეტმა ბაღათერ არაბულმა გიორგი ლეონიძის პრემია გადასცა ბატონ თემურ ჯაგოდნიშვილს – 75 წლის საიუბილეოდ – ნაყოფიერი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ თბილისის 221-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასელი მოსწავლეები: საბა ბარბაქაძე და დემეტრე მუშკუდიანი. სიმღერებით გაალამაზა საღამო ესპანეთში მოღვაწე მომღერალმა მაია სიჭინავამ.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით ჩატარდა. ის დაარსებულია ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ და მისი დამფუძნებელია – პოეტი, ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები