ედმონდ კალანდაძის გამოფენა და 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კატალოგის წარდგენა გაიმართება

16 დეკემბერს, 17:00 საათზე, გალერეაში „ვანდაში“ გაიხსნება ედმონდ კალანდაძის გამოფენა და 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კატალოგის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გალერეა „ვანდამ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოსცა ედმონდ კალანდაძის საიუბილეო კატალოგი, რომელშიც შესულია მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპის უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი. კატალოგში წარმოდგენილია ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებიდან, რომლებიც პირველად დაიბეჭდა. კატალოგში გამოყენებულია მხატვრის ციტატები, რომლებიც წარმოაჩენენ მის ნააზრევს, ფილოსოფიას და დამოკიდებულებას შემოქმედებისადმი. ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმების ფონდებში და კერძო კოლექციებში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ედმონდ კალანდაძე: „ფერწერა, ეს არის ფიქრი საღებავებით. ეს არის სურვილი, ებრძოლო წარმავლობას, სიკვდილს, გაქრობას. ეს არის კადნიერი ოცნება, იყო შემოქმედი და შექმნა შენი სამყარო, სადაც შენ და მხოლოდ შენ იქნები ყოველივეს მსაჯული და გამგებელი“…
ედმონდ კალანდაძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა 1950-იან წლებში ქართული ხელოვნების ახალი ეტაპის ჩამოყალიბებაში. მან შეითვისა და თავისი მსოფლმხედველობის პრიზმაში გაატარა კლასიკური და თანამედროვე ფერწერის მთავარი მიღწევები. კალანდაძემ შექმნა საკუთარი უნიკალური სტილი, განსაკუთრებული სამყარო, რომელიც პირველ რიგში ფერთან ასოცირდება. ფერი იყო მისი სამეტყველო ენა, გამოხატულება და ძიება გარკვეული ემოციებისა.
„ედმონდისთვის სამყარო სხვაგვარად პულსირებდა, მას ჰქონდა განსხვავებული პერსპექტივები, განსხვავებული ფორმები და შეგრძნებები. ის მზის შუქთან ერთად ფერით ქმნიდა ფორმის შინაგან შინაარსს.
ედმონდ კალანდაძის მზერას თითქოს განსაკუთრებული კრისტალი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც რეალობას ისე ხედავდა, როგორც არავინ სხვა და რომელიც დღესაც გვნუსხავს.
ედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით, მას შექმნილი აქვს ათასობით ჩანახატი, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი. მისი შემოქმედება გამსჭვალულია არა მხოლოდ განსაკუთრებული განწყობით, „ნაციონალური სულით“, არამედ ის საერთოდ აზოგადებს ბუნების სილამაზეს და სიდიადეს.
კალანდაძის ჟღერადი და ნათელი ხელოვნება არის სიყვარულის ჰიმნი საკუთარი სამშობლოსადმი.
მისი შემოქმედება არის ერთ ერთი ბრწყინვალე გვერდი საქართველოს ხელოვნების ისტორიაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მისამართი: ჭონქაძის ქუჩა №14.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები