დიდ ბრიტანეთში ახალი უწყება შეიქმნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას შეებრძოლება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქმნის ახალ უწყებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას შეებრძოლება. უწყების სახელწოდებაა – სავაჭრო სანქციების განხორციელების ბიურო (The Office of Trade Sanctions Implementation, OTSI).

OTSI მუშაობას მომავალი წლის დასაწყისში შეუდგება და გამოიძიებს სანქციების გვერდის ავლის პოტენციურ შემთხვევებს, დააწესებს სასჯელს და გადასცემს მასალებს იმ სააგენტოებს, რომლებიც უფლებამოსილია დაიწყონ სისხლის სამართლის საქმე.

გარდა ამისა, უწყება დაეხმარება კომპანიებს რჩევებით, თუ როგორ აირიდონ სანქციების შემთხვევითი დარღვევა.

ბიურო მონიტორინგს გაუწევს ბრიტანული კომპანიების საქმიანობას, რომლებიც რუსეთში საქონელს მესამე ქვეყნების გავლით აგზავნიან.

ის იქნება უკვე მოქმედი ფინანსური სანქციების განხორციელების ბიუროს დანამატი (Office of Financial Sanctions Implementation).

როგორც დიდი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ნუსრათ განმა თქვა, „ყველაფერს ვაკეთებთ პუტინის ომის მანქანის შესაჩერებლად. ეს ნიშნავს ბრძოლას მათთან, ვინც თავს არიდებს სანქციებს და რუსეთისთვის იმ ტექნოლოგიებისა და შემოსავლის ჩამორთმევაში, რომელიც მას დანაშაულებრივი ომის გასაგრძელებლად სჭირდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები