რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
,,აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) და გაეროს სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებში.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტის – სამართლებრივი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებასა და განათლებაზე, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის საუკეთესო ინსტრუმენტზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის ზაფხულში საქართველო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე – ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი – ნიკა ცხვარაშვილი და გაეროში საქართველოს ელჩი – დავით ბაქრაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.