ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 5 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 – სამცხე-ჯავახეთის, 4 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 18 – ქვემო ქართლის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 7 – გურიის, 4 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 1 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების პარალელურად, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, აქედან, 8 შიდა ქართლის, 2 კახეთის და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი.