“ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას ხელს შევუშლით” – ორბანი
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ვეტოს არ დაადებს, რადგან ასეთი ვეტოს შესაძლებლობა არ არსებობს.
თუმცა, მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას უნგრეთი ხელს შეუშლის.
ამის შესახებ მან რადიო “კოშუტ”-ის ეთერში თქვა.
“უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს არ დაადებს იმიტომ, რომ ვეტო არ არსებობს. უნგრეთი შეუშლის ხელს საერთო გადაწყვეტილების მიღებას. ევროკავშირის წესების მიხედვით, არსებობს გარკვეული თემები, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მათ მხარს ყველა წევრი უჭერს. ანუ, საქმე ის კი არ არის, რომ გადაწყვეტილება არსებობს და ჩვენ მას ვეტოს ვადებთ, არამედ ის, რომ გადაწყვეტილება არ არსებობს“, – განმარტა ორბანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა“.
„წინასწარ ჩანს, რომ შეთანხმება არ იქნება, ამიტომ, მე შევთავაზე და ვთავაზობ, არ დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და არ გაიტანონ საკითხი დღის წესრიგზე“, – თქვა ორბანმა.
პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირს შესთავაზა, რომ უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაიდოს, ხოლო გაწევრიანებაზე საუბარი 5-10 წელიწადში განახლდეს.