“შევახსენებთ პრემიერ ფაშინიანს, რომ აფხაზეთში სომხებს ყველაფერი აქვთ” – ბჟანია სომხეთის ლიდერს მოუწოდებს, შეეშვას “პროქართულ რიტორიკას”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სომხეთის ლიდერმა თქვა, რომ “ერევანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ერთობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას”.

ბჟანია ფაშინიანს მოუწოდებს, შეეშვას “პროქართულ პოლიტიკას და საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარების გათვალისწინება დაიწყოს”.

“კვირა” ბჟანიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“სომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეულ გზას ეწინააღმდეგება.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავის ბოლო განცხადებაში ცალსახად დაუჭირა მხარი „საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფაქტს.

ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევახსენოთ პრემიერ ფაშინიანს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს სომეხ ხალხს, მათმა ნაწილმა წარსულის ტრაგიკული მოვლენებისგან ხსნა სწორედ აფხაზეთში იპოვა. დღეს აფხაზეთში სომხური თემი წარმოდგენილია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, სომხურ ენასა და კულტურას სახელმწიფო უჭერს მხარს, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტრუქტურები თავისუფლად ფუნქციონირებს.

აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტია ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებისთვის ვერ შეძლო, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოებრიობის დაშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გასახლების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ. მეტიც, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგად, თავად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მოხდა.

ამგვარად, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ერთიანობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია“ – ყველაზე შესაფერისი მახასიათებელია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის, რომელიც თავის დემოკრატიულ სახელმწიფოს აკონტროლებს, რომლის დამოუკიდებლობაც აღიარებულია რუსეთის ფედერაციის და სხვა სახელმწიფოების მიერ.

ამასთან, არც სომხეთი და არც საქართველო, რომელსაც პრემიერმინისტრი უჭერს მხარს, ყველა აღნიშნულ მახასიათებელს არ აკმაყოფილებს. მოვუწოდებთ სომხეთის ხელმძღვანელობას, უარი თქვას ინდოქტრინირებულ რიტორიკაზე და საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ფაქტობრივი მდგომარეობა გაითვალისწინოს”,- ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები