“ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს, ამ დროისთვის შესაძლოა, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება მოუნდეთ” – რუსი ექსპერტი
ევროკავშირში საქართველოსა და მოლდოვის მიღება ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროკავშირის მთავარი წესი მდგომარეობს იმაში, რომ მიიღოს ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული კონფლიქტები არ გააჩნიათ.
ამის შესახებ რუსეთის MGIMO-ს ევროპული სამართლის კათედრის დოცენტმა, ნიკოლაი ტოპორნინმა “რია ნოვოსტი”- სთან საუბარში განაცხადა.
მანამდე, რუსულ “იზვესტიასთან” ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ ბლოკის შემადგენლობაში საქართველოს და მოლდოვის მიღება ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე, დნესტრისპირეთის გარეშე მოხდეს. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები კონფლიქტების მძევალი ვერ იქნება.
ტოპორნინმა კი თქვა, რომ “ასეთი ვარიანტი წმინდა თეორიულად არსებობს, მაგრამ მთავარი წესია, რომ ევროკავშირში მიიღება ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და ტერიტორიული კონფლიქტები. ამჟამად, როგორც ვიცით, საქართველოს პრობლემაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოლდოვასთვის არის დნესტრისპირეთის პრობლემა“.
ამასთან, მისი ვარაუდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტერიტორიული საკითხები ადვილად გადაწყდეს, რის გამოც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეს გადაულახავი ბარიერი გახდება. იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ გზა ღია იყოს, საქართველოს და მოლდოვას შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და უარი თქვან ტერიტორიულ პრეტენზიებზე.
“მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო უარს იტყვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, მოლდოვა კი დნესტრისპირეთზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სხვა სიტუაციაც. მაგალითად, დნესტრისპირეთს შესაძლოა, შესთავაზონ მმართველობის ახალი ფორმულა – როგორიცაა კონფედერაცია. თუ ურთიერთობა მოგვარდება, მაშინ ისინი შესაძლოა, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ტოპორნინი ამბობს, რომ ასეთი ვარიანტების უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან საქართველოსა და მოლდოვას გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, დიდი დრო და ათწლეულზე მეტი დასჭირდეს, რომლის დროსაც შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს: მაგალითად, უკონტროლო ტერიტორიები იურისდიქციაში დაბრუნებას დათანხმდნენ.