რა პრინციპით მოხდება მძევლების გათავისუფლება – რა წერია ისრაელისა და”ჰამასის” შეთანხმებაში

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ღაზას სექტორში ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით შედგა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებს ასაჯაროებს.

შეთანხმების თანახმად, 300-ვე პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება მხოლოდ იმ პირობით, თუ ისრაელში 100 ცოცხალი მძევალი დაბრუნდება.

გაცვლა ორ ნაწილად მოხდება, მეორე ნაწილისთვის რამდენიმე ეტაპია გათვალისწინებული.

კერძოდ, პირველ ეტაპზე – რა დროსაც 4-დღიანი პაუზა იქნება გამოცხადებული, ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, როგორც კი 50 მძევალი ისრაელში დაბრუნდება.

მეორე ეტაპზე, ისრაელი კიდევ 150-მდე პატიმარს გამოუშვებს, თუ სახლში დამატებით 50-მდე მძევალი დაბრუნდება, თუმცა, ეს რამდენიმე ეტაპად მოხდება, ყველა მათგანის დროს, სულ მცირე, 10 მძევალი იქნება გამოშვებული.

„10 მძევლის ყოველი დამატებითი გათავისუფლებისთვის, 24-საათიანი პაუზა გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხაზგასმულია, რომ ყველა მომდევნო ეტაპებზე პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ტყვეები ისრაელში დაბრუნდებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, „საომარი მოქმედებების პაუზის დასრულებისთანავე, ისინი ღაზას სექტორში განახლდება, “ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” გასანადგურებლად და ყველა მძევლის გასათავისუფლებად პირობების შესაქმნელად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები