“არავინ დაუშვებს არასდროს, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ის სცენარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ საქართველოში” – გიორგი გაბუნია
“ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი – ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ განუცხადა.
კერძოდ, გაბუნია გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ “ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს”.
„ეს პროცესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ფსონი კეთდება ძალადობაზე. კეთდება რევოლუციური პროცესების განვითარებაზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, სამოქალაქო არეულობაზე.
აქ კიდევ რა უნდა ითქვას და რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ კარგად გვახსოვს, გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ძალადობრივი დაჯგუფება გაერთიანდა. ეს შეფუთეს, როგორც რაღაც ოპოზიციური ფლანგის გაერთიანება, რაც არ იყო შემთხვევითი იქიდან გამომდინარე, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში.
არავინ დაუშვებს არასდროს, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ის სცენარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ საქართველოში“, – აღნიშნა გაბუნიამ.