“ლუქსემბურგისა და საბერძნეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა, როგორ ხედავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა, როგორ ხედავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვესაუბროთ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მის ხელმძღვანელობას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ატარებს საკუთარ დღის წესრიგს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, ერთი-ერთზე გვესაუბრა პირდაპირ ჩვენს კოლეგებთან. ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის, საბერძნეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ აგვეხსნა, როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას.

მიხარია, რომ ორივე კოლეგასთან გვქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი. შევთანხმდით, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება ინტენსიური ყველა დონეზე, როგორც პარლამენტების ხელმძღვანელობის დონეზე, ისე კომიტეტების, თუ მეგობრობის ჯგუფის დონეზე. გვექნება ამ მხრივ ვიზიტების გაცვლაც და საუბარი ერთმანეთთან. ასეთი შეხვედრები აჩვენებს ხოლმე, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით, მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, რომელიც, რიგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები