„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული საუბარი შედგა – განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც” – მახაშვილი

„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული საუბარი შედგა – განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც მახაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართული მხარის მხრიდან კითხვა დაისვა გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.

„ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული, დეტალური საუბარი იყო. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად, ამ სახელმწიფოებს: პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაცანით ის, თუ ჩვენ სად ვხედავთ პრობლემებს და როგორც წარმოგვიდგენია მოგვარება. რა თქმა უნდა, არის საერთო განწყობა, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი. რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, აუცილებელია დიალოგი იმისთვის, რომ ამ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს საერთო გამოსავალი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი – ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი – ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – მაიკლ გიერგონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები