“ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე – ეს არის საგარეო ჩარევა; ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ – ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში” – პაპუაშვილი
“გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა კი არ უნდა შესუსტდეს, არამედ – გაძლიერდეს. ჩვენ არ ვართ ისტორიაზე დამკვირვებლები, ჩვენ მისი ავტორები ვართ. სწორედ ჩვენს დარბაზებში ყალიბდება ერების სუვერენული ნება. სწორედ ჩვენი საშუალებით საუბრობს ხალხი – მკაფიოდ, ლეგიტიმურად და დამაჯერებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ხშირად გვესმის, რომ გლობალური წესრიგი სუსტდება.
“შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ერთი საბაზისო საკითხი უცვლელი რჩება: ეროვნული ინტერესი. ეს არის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ჭეშმარიტი კომპასი – არა აბსტრაქტული დოქტრინები, არა თავსმოხვეული იდეოლოგიები, არა ხელოვნური ღირებულებათა სისტემები, რომლებიც ხალხის ნებას არის მოწყვეტილი. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცდილობს ეროვნული ინტერესის გადაფარვას, საბოლოოდ ჩამოიშლება, რადგან ის, რაც ხალხში არ არის ფესვგადგმული, დიდხანს ვერ იარსებებს. ნამდვილი საერთაშორისო თანამშრომლობა ილუზიაზე არ შენდება. ის რეალობაზეა დაფუძნებული და რეალობა მარტივია: ერები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. როდესაც ეს ინტერესები დემოკრატიული ნებით არის გამოხატული, თანამშრომლობა ძლიერდება, მშვიდობა ხდება უფრო მდგრადი და წესრიგი – უფრო სტაბილური.
დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) გაერთიანებულ სამეფოში ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ. და მაინც, არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თანამშრომლობას თუ სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა