სახელბურთო არენის მშენებლობა დაიწყო

უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მახლობლად, ახალი სახელბურთო სასახლის მშენებლობა დაიწყო. სასახლეში უნდა გაიმართოს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირები ბიჭებსა და გოგონებს შორის.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად, შეჯიბრება სპორტკომპლექს არენაში იყო დაგეგმილი, მაგრამ, სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ახალი ნაგებობის აშენება გადაწყდა. კომპლექსში ორი დარბაზი იქნება – ერთში 800 მაყურებელი მოთავსდება, ხოლო მეორეში – 2500. ორივე დარბაზი თანამედროვე საფარითა და ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი, ხოლო, მთავარ არენაზე, თბილისი 2015-ის ფესტივალის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეჯიბრების გამართვა იქნება შესაძლებელი, მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებისა.
დარბაზის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება და ოლიმპიურ ფესტივალამდე იქ საცდელი შეჯიბრებაც გაიმართება. თბილისი 2015-ის თამაშები 25-31 ივლისს გაიმართება. სახელბურთო ტურნირზე ევროპის 8-8 უძლიერესი ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები იასპარეზებს ბიჭებსა და გოგონებს შორის. საქართველოს ხელბურთის ფედერაციას კიდევ ერთი მატება აქვს. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, ხელბურთის განვითარების პროგრამით, საქართველოს გრანტის სახით გამოუყო უახლესი მოდელის, ტერაფლექსის მოედნის საფარი, რომელიც უკვე თბილისშია და მალე დაიგება კიდეც. შინაური სახელბურთო სეზონი 29 სექტემბერს დაიწყება 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების საქართველოს ჩემპიონატით. წინა სეზონის მსგავსად, ითამაშებს 18 გუნდი. 2014 წლის ბოლომდე გაირკვევა აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ლიგების პრიზიორთა ვინაობა, საუკეთესოები კი 2015 წელს საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. გაიმართება ასევე საქართველოს ჩემპიონატი ამავე ასაკის გოგონებში და უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა პირველობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები