უკრაინამ ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა შეასრულა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პერსონალის 300 კაცით გაზრდას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

რადას გადაწყვეტილება სახალხო დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა გამოაცხადა.

კანონპროექტი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების მაქსიმალურ რაოდენობას 700-დან 1000 ადამიანამდე ზრდის.

დოკუმენტი ითვალისწინებს ვაკანტური პოზიციების შესავსებად ეტაპობრივ კონკურსს: 2024 წელს – 100 თანამდებობაზე; 2025 წელს – 100 პოზიციით; 2026 წელს – 100 პოზიციით.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს ბიუროს საკადრო პოტენციალის გაძლიერებას.

8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ოთხი მოთხოვნა წამოაყენა.

მათ შორის იყო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შემადგენლობის გაზრდის შესახებ კანონპროექტის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები