“ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად დაცულია, ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს” – ლევან სილაგავა

“ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში” აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არსებული 2- თვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაეროს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობაზე დაყრდნობით.
კერძოდ: 1. საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში 2 თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები არსებობს, რომელიც ხარჯვის პარალელურად მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია. 2. ქართველ ფერმერებთან დამატებით დაახლოებით 1 თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი ინახება.
3. ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე სტაბილურია.
4. ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის იმპორტი შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება.
რაც შეეხება ხორბლის და ფქვილის უმეტესად რუსეთიდან შემოსვლას, დღეს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი პროდუქციის ყველაზე დაბალი ფასის გამო ხორციელდება. გარდა რუსეთისა, მინიმუმ 3 ახლომდებარე ალტერნატიულ ქვეყანასთან: რუმინეთთან, უკრაინასა და ყაზახეთთან მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს. თუმცა, დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ეს ბაზრები შედარებით უფრო მაღალ ფასს გვთავაზობენ. შემაფერხებელ ფაქტორს რუსეთთან ხორბლის ტრანსპორტირების სიძვირე წარმოადგენს.

წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში არც დღეს და არც შემდგომში ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნესპროცესები თავის თავში ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას გულისხმობს . 3 კომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა მოქმედებს : წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად -გზაში მომავალი ხორბალი – ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება.
ზემოთ აღნიშნული სქემით ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე მყისიერი გადასვლა და ბაზრის ავტომატური დივერსიფიცირება ხდება, რაზეც საკმარისზე მეტი დრო არსებობს, ხორბლის 2 თვიანი მარაგის ხარჯზე”, – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები