ნათია თურნავამ, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, ლიდერი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსური და ტექნოლოგიური ინდუსტრიის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური – სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა – ნათია თურნავამ ლიდერი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა გენდერული თემის საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობას, მათი როლის გაზრდას მიეძღვნა.
“შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერებისკენ, მათ შორის, ქალების ფინანსური განათლების დონის ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ კორპორაციული მართვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისიდან ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული კვოტა 33%-ით განისაზღვრა, ხოლო 2025 წლიდან ეს მაჩვენებელი არანაკლებ 40% იქნება. მისივე თქმით, კოდექსს პირველად დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, კომერციული ბანკებისა და მიკრო ბანკების დირექტორატის სულ მცირე 33%-ს ორივე სქესი უნდა შეადგენდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ექვსი წევრიდან, ოთხი ქალია.
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალში და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით “საქართველოს ბანკი” და ქართული ფინტექ სტარტაპი “ფეივი” იყვნენ წარმოდგენილნი.
საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით – “ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი” წარდგა.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. ფესტივალში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი მონაწილე და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.