“ძალიან ვამაყობ შენით!” – არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნები ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მოიგო
არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა – ხავიერ მაილიმ მოიპოვა.
როგორც მედია წერს, სოციოლოგიური გამოკითხვები არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ის მეორე ტურის ფავორიტი იყო, თუმცა, მოულოდნელად 56%-ზე მეტი ხმა მოაგროვა.
მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის მინისტრმა – სერხიო მასამ წაგება აღიარა და ახალ ლიდერს წარმატებები უსურვა.
TikTok-ის ვარსკვლავს, მუსიკოსს, ეკონომისტს და ტელეწამყვანს – აჩეჩილი თმებით, 53 წლის მაილის დონალდ ტრამპს და ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ამსგავსებდნენ მისი მკვეთრი სტილისა და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გამო.
მის განცხადებებს შორის იყო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ცენტრალურ ბანკს გადაწყვავს „ინფლაციის კიბოს“ დასასრულებლად. ასევე, მოუწოდებდა “აშშ-ს დოლარის სასარგებლოდ ავადმყოფი პესოს გადაგდებისკენ”.
გარდა ამისა, მის შეხედულებებს შორის არის აბორტზე უარის თქმა, ის ეწინააღმდეგება ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას, პირობას დებს, რომ არგენტინის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან – ჩინეთსა და ბრაზილიასთან კავშირებს გაწყვეტს, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს სამხედრო დიქტატურის მსხვერპლთა რაოდენობას და უარყოფს, რომ კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის აქტივობით.
როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, სადაც წლიური ინფლაცია 140%-ს აჭარბებს და ხუთიდან ორი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, მისი გამარჯვება ადასტურებს, რომ არგენტინელებს ტრადიციული პოლიტიკა და ეკონომიკური კატასტროფები მობეზრდათ და მზად არიან, ცხოვრების შესაცვლელად რაღაც ახალი სცადონ.
ხავიერ მაილის გამარჯვება ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ მიულოცა, რომელსაც მაილი „ბოროტ კომუნისტს“ უწოდებდა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი “სამწუხაროა ლათინური ამერიკისთვის”.
„ნეოლიბერალიზმს აღარ აქვს არაფერი, რასაც საზოგადოებას შესთავაზებდა. ის ვერ პასუხობს კაცობრიობის მიმდინარე პრობლემებს”, – დაწერა მან.
გამარჯვება მიულოცა ასევე ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა, რომელიც მიესალმა ხალხის არჩევანს.
არჩევნების შედეგებს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
„მთელი მსოფლიო აკვირდებოდა! ძალიან ვამაყობ შენით. შენ გადატრიალებას მოახდენ ქვეყანაში და ისევ გახდი არგენტინას დიდებულს”, – დაწერა ტრამპმა.
ხავიერ მაილი უფლებამოსილების შესრულებას 10 დეკემბერს შეუდგება.