NBC: აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარებას ან შობისთვის დაამტკიცებს, ან არასდროს
აშშ-ის კონგრესმა უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი შობამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – საკითხის განუსაზღვრელი ვადით გადადება საშობაო არდადეგების გამო მოხდება.
ამის შესახებ NBC News-ს კონგრესმენებმა განუცხადეს.
კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ ამბიციური გრაფიკია.
ამიტომ, იმისათვის, რომ კანონპროექტმა წარმატებით გაიაროს კონგრესის ორივე პალატა და მიიღოს პრეზიდენტის ხელმოწერა, სჯობს, მისი შემუშავება ზედა პალატაში – სენატში მოხდეს, სადაც დომინირებენ დემოკრატები და სადაც არის ორპარტიული კონსენსუსი უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ჩვეულებრივ შემუშავდება, როგორც ეს ხდება, ანუ ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის მიერ, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ, გადაწყვეტილება შესაძლოა, კიდევ ერთხელ ჩავარდეს.
NBC News-ს სენატში ოთხმა წყარომ უთხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფანჯრის გამოყენება, რომელიც იქნება 26 ნოემბრიდან (მადლიერების დღე) – შობამდე. ამავდროულად, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც შეშფოთებულები არიან, რომ თუ პროცედურა ახალ წლამდე გადაიდო, კანონპროექტის საერთოდ მიღების შანსები ილუზორული ხდება.
აქ პრობლემა ისაა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს სრული სამთავრობო ბიუჯეტი მიმდინარე ფისკალური წლისთვის, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და დროებითი, 6-კვირიანი შუალედური ბიუჯეტი უკვე ორჯერ იქნა მიღებული. ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერაზე მოლაპარაკებების გაჭიანურება გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ეს დებატები გადაფარავს დებატებს ამერიკის საკუთარი ბიუჯეტის შესახებ და მოხდება პოლიტიკური ბრძოლის ესკალაცია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში.
NBC News-ის წყაროები აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში ტრამპისტებს შეუძლიათ ბიუჯეტის შესახებ კომპრომისული კანონპროექტის გატანა, რომელშიც დახმარება მხოლოდ ისრაელისთვის იქნება გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის დახმარებაზე შეთანხმების შანსები მწირი გახდება.