კომპოზიტორ ოთარ გორდელის დაბადებიდან 95 წელი გავიდა
კომპოზიტორ ოთარ გორდელის დაბადებიდან 95 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ოთარ გორდელის ხსოვნასა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის წვლილს.
ოთარ გორდელმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციისა და ფორტეპიანოს სპეციალობით დაამთავრა. 1959 წლიდან იყო ამავე კონსერვატორიის პედაგოგი, 1982 წლიდან – პროფესორი. 1967-1987 წლებში იყო საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, 1968-1973 წლებში – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი.
კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „ახალგაზრდული უვერტიურა“, ცეკვა „ქართული“ სიმფონიური ორკესტრისათვის, კანტატა „წელიწადის დრონი“, ვოკალურ-სიმფონიური პოემა „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი“, კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, კონცერტი ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, კამერულ-საკრავიერი (მათ შორის – საფორტეპიანო კვინტეტი), კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები; ოპერეტები: „ნატვრის თვალი“, „ჩემი საყვარელი ბიძა“. იგი ავტორია მუსიკისა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. მათ შორის აღსანიშნავია მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „წარსული ზაფხული“ (რეჟ.: გ. წულაია, ნ. ნენოვა, 1959), „ვალსი მთაწმინდაზე“ (რეჟ. ბ. წულაძე, 1975), „ლადო გუდიაშვილი“ (რეჟ.: გ. წულაია, ნ. ნენოვა, 1957), „გელათი“ (რეჟ. ლ.ღოღობერიძე, 1958), „შვიდი მწვერვალის დაპყრობა“ (რეჟ. ბ. კრეპსი, 1957) და სხვა.
აღსანიშნავია კომპოზიტორის შემოქმედება საესტრადო ჟანრშიც. 1950-იან წლებში პოპულარული იყო ოთარ გორდელის ვოკალური ჯაზკვარტეტი, რომლისთვისაც მუსიკას თავად ქმნიდა.