დღეს დიდი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 80 წლის გახდებოდა

დღეს დიდი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 80 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თემურ ჩხეიძის ხსოვნასა და მის უდიდეს ღვაწლს ქართული თეატრის და, საზოგადოდ, ხელოვნების განვითარებაში.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძე 1943 წელს დაიბადა თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970 წლებში – მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980 წლებში – რუსთაველის თეატრის რეჟისორი, 1980-1990 წლებში – მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1981-1988 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი. 1991 წლიდან საქმიანობა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში. 2004 წლიდან იყო ამ თეატრის მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წელს რეჟისორი საქართველოში დაბრუნდა.
„თემურ ჩხეიძემ 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი დადგა არა მარტო საქართველოში – ზუგდიდის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის, სოხუმის დრამატულ და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, არამედ უცხოეთში – გენუის, ვენეციის, ბორდოს ოპერის თეატრებში, მილანის „ლა სკალას“ სცენაზე, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, მოსკოვის სამხატვრო თეატრსა და დიდ თეატრში, სანკტ-პეტერბურგის გ. ტოვსტონოგოვის სახელობის დიდ დრამატულ თეატრსა და მარიას თეატრში.
გამორჩეულად ნიჭიერი, უაღრესად საინტერესო მსოფლმხედველობის, ორიგინალური ხელწერის რეჟისორის სპექტაკლები ადამიანისა და სიცოცხლის უდიდესი სიყვარულით არის გამსჭვალული და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს საზოგადოებაზე. თემურ ჩხეიძის პერსონაჟები ცდილობენ სამყაროს შეცნობას, უპირისპირდებიან და ხელს უწვდიან ერთმანეთს, ეძებენ ჭეშმარიტებას და ამ პროცესის თანამონაწილედ აქცევენ მაყურებელს, რომელიც ყველა წარმოდგენის შემდეგ სულიერად ამაღლებული, დაფიქრებული, ემოციებით აღსავსე ტოვებს დარბაზს.
დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რობერტ სტურუასთან ერთად), შალვა დადიანის „გუშინდელნი“, ანტონ ჩეხოვის „თოლია“, ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, მიხეილ ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“ და „ბედი მდევარი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“ და „ასის წლის წინათ“, უილიამ შექსპირის „ოტელო“ და „მაკბეტი“, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ და „მარიამ სტიუარტი“, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, არტურ მილერის „სეილემის პროცესი“, თეოდორ დოსტოევსკის „მარადი ქმარი“, ავგუსტ სტრინდბერგის „მამა“, ჟან ანუის „ანტიგონე“, იასმინა რიზას „არტ ხელოვნება“, ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“, ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალი ვარიაციები“, გურამ ოდიშარიას „ზღვა, რომელიც შორია“, ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“, სერგეი რახმანინოვის „ძუნწი რაინდი“, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“, სერგეი პროკოფიევის „მოთამაშე“ – ეს მხოლოდ ნაწილია თემურ ჩხეიძის მიერ სხვადასხვა თეატრში დადგმული სპექტაკლებისა.
აღსანიშნავია რეჟისორის სატელევიზიო სპექტაკლები: მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ (რომელსაც თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით ნაწარმოები წარმატებით დაიდგა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის და მოსკოვის სამხატვრო თეატრებში) და „თეთრი კურდღელი“, ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“ და „კუკარაჩა“, მიხეილ ბულგაკოვის „მოლიერი“.
თემურ ჩხეიძემ მთავარი როლები ითამაშა მხატვრულ ფილმებში „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (რეჟისორი რეზო ჩხეიძე) და „ამაღლება“ (რეჟისორი ნოდარ მანაგაძე).
რეჟისორის ნიჭი და დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. იგი იყო საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღბის“ ორგზის და გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემიის – „ქართული ხელოვნების რაინდის“ – ლაურეატი; თბილისის საპატიო მოქალაქე; რუსეთის თეატრალური პრემიისა და სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტის“ ლაურეატი; „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი; რუსეთის ღირსების ორდენის კავალერი. 2013 წელს ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა „ილიას მედალი“ („მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაშ. .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები