"უკვდავთა თაღში“ პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის “უკვდავთა თაღში”, მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ბურჭულაძის იუბილესთან დაკავშირებით მისი ხელის ანაბეჭდები გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს ქართველი ცნობილი ხელოვანები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მომღერალმა განაცხადა: “ძალიან ამაღელვებელი დღეა ჩემთვის. ავსტრიიდან ჩამოვიდა ჯილდო, კულტურის სამინისტროში მივიღე ჯილდო და ასევე დიდი პატივია, ხელის ანაბეჭდები, მით უმეტეს ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძისა და ელდარ შენგელაიას გვერდით. მადლობა ყველას, ვინც ამის ღირსად ჩამთვალა და ჩემთან ერთად გაიზიარა ეს დიდი სიყვარული”.
საქართველოს კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ მომღერლის დაბადების დღეს მოხდა 2014 წლის ოპერის წლად გამოცხადება. მინისტრმა პაატა ბურჭულაძეს ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდაძის თქმით, ანაბეჭდი გაიხსნა იმის ნიშნად, რომ ვიდრე არსებობს ქართული სასცენო ხელოვნება, ის პაატა ბურჭულაძის დამსახურებასა და სახელის გარეშე წარმოუდგენელია“.
ხელოვნების სასახელში ანაბეჭდების გახსნის ტრადიციას საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა. თაღში იმ ადამიანების ხელის ანაბეჭდები იქნება წარმოდგენილი, ვისაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.