არჩილ გორდულაძე – ოპოზიციაზე: სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას

სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი Live” ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქო და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.

„სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც, რომ ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას. ნახეს რა, რომ არ გამოდის რასაც ამდენი წლების განმავლობაში ცდილობენ – არ არის შესაძლებელი რომ ის პატივისცემა რაც არსებობს ეკლესიის, პატრიარქის მიმართ ფეხქვეშ იყოს გათელილი, როდესაც ხედავენ რომ არც ისტორიის გადახაზვა შედეგების მომტანი არ არის, ახლა ცდილობენ საკუთარი თავი წარმოაჩინონ იმათ, რაც ბუნებაში არ არიან. წარმოვიდგინოთ, რომ მეგის ქარდავა გამოვიდეს და ადამიანის უფლებებზე დაიწყოს საუბარი, ეს ხომ შეუძლებელია? იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გებელსმა ისაუბროს მედიათავისუფლებაზე“, – განაცხადა გორდულაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთს ლანძღავენ.

„ახლა ცდილობენ ძველი, მოქმედი და ყოფილი „ნაცები“ დაამტკიცონ, რომ „ნაცები“ არ არიან. როგორ შეიძლება სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გაერთიანება არ იყოს „ნაცი“? ამ პატარა პოლიტიკური ტრიუკებით ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, რომ იქნებ როგორმე მეთერთმეტე არჩევნებში მაინც ჰქონდეთ, რაღაც წარმატების იოტისოდენა შანსი, მაგრამ მეთერთმეტედაც ისევე სახელოვნად დამარცხდებიან, როგორც ათჯერ უკვე დამარცხდნენ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები