გიორგი აბაშიშვილი: IRI-ის კვლევის შეფასება ცხადყოფს, რომ სებ-ი სანდო ინსტიტუციაა, რომლის სწორი და რეფორმატორული პოლიტიკა მაღალ შეფასებას იმსახურებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% პროცენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ, ამ მონაცემით, წლევანდელი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება IRI-ის წინა კვლევების მაჩვენებლებს და ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, წინა წლებთან შედარებით.
2023 წლის მარტის მონაცემებით, ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა გამოკითხულთა 36%, 2022 წლის მარტის კვლევებით – 29%, 2021 წლის ივნისის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 22% აფასებდა ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად.
ექსპერტთა შეფასებით, ეროვნული ბანკის საქმიანობის გაზრდილი პოზიტიური შეფასება მიუთითებს, რომ სებ-ი სანდო ინსტიტუციაა, რომლის სწორი და რეფორმატორული პოლიტიკა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
„ ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს “ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესი აღიარებაა და ეროვნული ბანკისადმი საზოგადოების, ბიზნესის, პროფესიული წრეების სრულ ნდობაზე მეტყველებს.
„მე მესმის, რომ სხვადასხვა კითხვებია არსებობს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პოლიტიკური ნაწილის კვლევებთან დაკავშირებით, რასაც მე ვერ შევაფასებ. თუმცა, კვლევის ნაწილში, რომელიც ეროვნულ ბანკს შეეხება, ერთ მარტივი რამ იკითხება – ერთი მხრივ, სებ-ში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის შემოღებას ითვალისწინებდა, მეორე მხრივ, სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განხორციელებულმა სწორმა, ღია და რეფორმატორულმა პოლიტიკამ სებ-ისადმი ნდობა არა თუ მიმდინარე წლის, არამედ ბოლო შვიდი წლის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაზრდა. ეს უმნიშვნელოვანესი აღიარებაა და ეროვნული ბანკის მიმართ საზოგადოების, ბიზნესის, პროფესიული წრეების სრულ ნდობაზე მეტყველებს“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.