ლადო პაპავა: ადამიანების დამოკიდებულება საბანკო სისტემის, ეროვნული ვალუტისა და ეროვნული ბანკის მიმართ გამოხატულია ნდობის ხარისხის მუდმივ ზრდაში და IRI-ის კვლევაც სწორედ ამას ადასტურებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ისტორიულად მაღალი რეიტინგი აქვს. მიმდინარე წლის, 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის 39% პოზიტიურად აფასებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობას. შეგახსენებთ ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სპეციალური განკარგულება გამოსცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო კვლევის შედეგები საგრძნობლად აღემატება IRI-ის წინა კვლევების მაჩვენებლებს და ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. 2023 წლის მარტის მონაცემებით, ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა გამოკითხულთა 36%, 2022 წლის მარტის კვლევებით – 29%, 2021 წლის ივნისის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 22% აფასებდა ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად.

ექსპერტთა მოსაზრებით, ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიური შეფასება მდგრადი, სტაბილური და გამჭვირვალე საქმიანობით არის განპირობებული. სებ-ის, როგორც სანდო ინსტიტუციის მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდა კი წლების განმავლობაში შემუშავებული ფუნდამენტური კანონმდებლობის და სწორი მმართველობის ფორმების დამსახურებაა.

აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს საზოგადოების პოზიტიურ დამოკიდებულებას და მიუთითებს ნდობის მაღალ ხარისხზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიმართ.

პაპავა ხაზს უსვამს, რომ არსებობის 30-წლიან პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა, სხვადასხვა პერიოდში, ქართული სახელმწიფოს დასუსტებით დაინტერესებული პოლიტიკური აქტორების მხრიდან მუდმივად განიცდიდნენ შეტევას, მაგრამ მიუხედავად ამისა ეროვნულმა ბანკმა შეძლო სტაბილური და ჯანსაღი სისტემის შენარჩუნება.

„როდესაც დრო გადის და ადამიანები ხედავენ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც სტრუქტურა სტაბილურია და სიტუაციას ნორმალურად მართავს, ეს არის ნდობის ამაღლების ყველაზე დიდი რესურსი. მსოფლიოში ვალუტები დამყარებულია ნდობაზე, ვალუტის მიმართ ნდობის უკან კი დგას ცენტრალური ბანკი, საქართველოს შემთხვევაში ეროვნული ბანკი. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ადამიანების დამოკიდებულება საბანკო სისტემის მიმართ, ეროვნული ვალუტის მიმართ და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის მიმართ გამოხატულია ნდობის ხარისხის მუდმივ ზრდაში და IRI-ის კვლევაც სწორედ ამას ადასტურებს“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

IRI-ს მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. გამოპასუხების მაჩვენებელი 3%-ია. ცდომილების ზღვარი -+2,5%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები